ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ დრამატულ და შესაძლოა, სეზონის მატჩში 5:4 დაამარცხა.
გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ამ მატჩის შედეგად დაფიქსირდა, რომელთა შორის, ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევებიცაა:
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეოთხე თამაში მოიგო (2020 წელს „ლაიფციგის“ და 2025 წელს „არსენალის“ ძლევის შემდეგ), რაც ფრანგულ კლუბებში საუკეთესო შედეგია („ნანტს“ 1 მოგება აქვს, ორი - „მონაკოს“).
მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკე პსჟ-შია, პარიზულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველი მატჩი მერვედ მოიგო. წინა შვიდ შემთხვევაში პსჟ-მ ყოველთვის მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა.
21-ე საუკუნეში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში ერთადერთხელ გავიდა უფრო მეტი გოლი, ვიდრე პსჟ-ბაიერნის დაპირისპირებაში. ეს იყო მეოთხედფინალი „ბაიერნსა“ და „ბარსელონას“ შორის (8:2). ნახევარფინალში ასეთი შედეგიანი თამაში ერთადერთხელ იყო - 1960 წელს „აინტრახტმა“ „რეინჯერსი“ 6:3 დაამარცხა.
პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 43 გოლი აქვს გატანილი და „ბარსელონას“ რეკორდს უახლოვდება, რომელმაც 1999-2000 წლების სეზონში 45 გოლი გაიტანა. იქვეა „ბაიერნიც“, რომელსაც 42 გოლი აქვს გატანილი.
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეოთხედ გაიტანა მატჩში მინიმუმ 5 გოლი (ლევერკუზენთან, ტოტენჰემთან, ჩელსისა და ბაიერნთან), რითაც 2017-2018 წლების სეზონში „ლივერპულის“ რეკორდი გაიმეორა.
„ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ამდენი გოლი ბოლოს 1995 წელს გაეშვა („აიაქსთან“ 2:5).
მერვედფინალური ეტაპიდან მოყოლებული ევროპის ტოპ 5 ლიგაში ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ხვიჩა კვარაცხელიას დარად ამდენი გოლი გაიტანა (9), ჰარი კეინია. კვარაცხელია მეორე ფეხბურთელია პსჟ-ს ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 10-გოლიან ნიშნულს მიაღწია. პირველი იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2013-2014 წლების სეზონში. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის ყველა ეტაპზე აქვს გოლი გატანილი.
კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე 15 შედეგიანი მოქმედება აქვს ამ სეზონში (10 გოლი, 5 საგოლე პასი), რაც პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. კვარამ უსმან დემბელეს შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა (14 – 8 გოლი, 6 პასი).
კვარაცხელიამ პროფესიუნალურ კარიერაში 99-ე და მე-100 გოლები გაიტანა, რომლებიც ასე ნაწილდება: 1 - "დინამო თბილისი", 1 - მოსკოვის "ლოკომოტივი", 3 - "რუსთავი", 8 - "დინამო ბათუმი", 9 - "რუბინი", 22 - საქართველოს ნაკრები, 26 - პსჟ, 30 - "ნაპოლი".







