ლუკას პოდოლსკიმ 40 წლის ასაკში პოლონეთის თასი მოიგო და შესაძლოა, ფეხბურთს ტიტულით დაემშვიდობოს.
ბოლო წლებია, რაც პოდოლსკი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც კარიერის ბოლო წლებს ატარებს და მან მისი ბავშვობის საყვარელ კლუბთან ერთად თასის მოგება მოახერხა. „გურნიკმა“ ფინალში „რაკუვი“ 2:0 დაამარცხა. ვეტერანი ფეხბურთელი მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა. „გურნიკმა“ პოლონეთის თასი ისტორიაში მეშვიდედ მოიგო, 1972 წლის შემდეგ კი პირველად.
პოდოლსკი პოლონეთში დაიბადა, მაგრამ მისი მშობლები საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდნენ, როცა ის 2 წლის იყო. ამგვარად, ლუკასი გერმანიაში გაიზარდა და მისი საფეხბურთო კარიერაც ამ ქვეყანას დაუკავშირდა.
ლუკას პოდოლსკი 2021 წლიდან თამაშობს „გურნიკში“, მანამდე არაერთგან ითამაშა, ყველაზე მეტად მისი სახელი „კიოლნთან“, „ბაიერნთან“, „არსენალსა“ და „გალათასარაისთან“ ასოცირდება, ხოლო 2004-2017 წლებში გერმანიის ნაკრებში 130 მატჩში 49 გოლი გაიტანა.







