„ვერონას“ ყოფილმა ანალიტიკოსმა ლუკა დიდიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
ეს ამბავი იმითაა საინტერესო, რომ დიდიმ კვარას თამაში მაშინ გაანალიზა, როცა მას ფართო საფეხბურთო სამყარო არ იცნობდა: ეს მოხდა 2022 წლის აგვისტოში, „ვერონა“ – „ნაპოლის“ მატჩამდე, რომელიც კვარასთვის „ნაპოლიში“ სადებიუტო თამაში იყო.
„კვარაცხელიას სერია A-ში დებიუტი 2022 წლის 15 აგვისტოს, მგონი, ორშაბათს ჰქონდა, „ვერონასა“ და „ნაპოლის“ მატჩში, რომელიც ჩემპიონატის პირველი ტური იყო. მაშინ მე ვიყავი „ვერონას“ მატჩ-ანალიტიკოსი. შესაბამისად, მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც იტალიაში ერთ-ერთი პირველმა გავაანალიზე ხვიჩა კვარაცხელია. ამიტომ, რა თქმა უნდა, წინა კვირებში, განსაკუთრებით მატჩის ბოლო კვირაში, როცა ინდივიდუალურ ანალიზებს ვაკეთებდი, ვსწავლობდი „ნაპოლის“ ყველა ფეხბურთელს, რომ ვიდეოები მომემზადებინა ჩვენი, „ვერონას“ ფეხბურთელებისთვის. შესაბამისად, გადავხედე კვარაცხელიას ვიდეოებს, რადგან მანამდე ის თამაშობდა საქართველოში, „დინამო ბათუმში“, ასევე იყო ყაზანის „რუბინშიც“. ვუყურებდი ამ მატჩების ვიდეოებს და ვამბობდი: „ბიჭებო, ეს ფეხბურთელი, მგონი, 10-12 მილიონად ჰყავთ ნაყიდი, მაგრამ ეს ნამდვილი ფენომენია“. მოკლედ, ვარჯიშის კვირაში, როცა ფეხბურთელებზე ინფორმაციას მთხოვდნენ, ვეუბნებოდი: „ბიჭებო, ჩემი აზრით, ეს ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. იაფად ჰყავთ ნაყიდი, მაგრამ ძალიან მაღალი დონისაა. სხვა კატეგორიაა, პოტენციალითაც ძალიან ძლიერია“.
ინდივიდუალური მომზადებისას კვარას ვიდეო ყველა მცველისთვის უნდა მიმეცა. კონკრეტულად კი, ვინც მას უნდა დაპირისპირებოდა, იყო დავიდოვიჩი. მასაც მივეცი ვიდეო, მაგრამ თამაშის წინა დღეს არ უნდოდა ყურება, რადგან ფიქრობდა, რომ ვიდეოები ზედმეტად ახდენდა მასზე გავლენას. ამასთან ერთად, ვამზადებდი სპეციალურ წარწერებს გასახდელში გასაკრავად, სადაც ფეხბურთელის ძირითადი თვისებები იყო აღწერილი, რომ ყველას ერთდროულად ენახა. იქაც დავწერე: „ეს ფეხბურთელი სხვა კატეგორიაა“. თამაშის წინ, გახურებისას „ნაპოლის“ მატჩ-ანალიტიკოსს შევხვდი, რომელსაც ვუთხარი: „ვუყურე მის თამაშებს, გავაანალიზე და რაც ვნახე, ეს ფეხბურთელი ძალიან ძლიერია“. მან მიპასუხა: „ლუკა, ეს საერთოდ სხვა დონეა. იტალიურ ფეხბურთთან კავშირიც არ აქვს, ვარჯიშზეც ჩანს, როგორი ფეხბურთელია“. ეს სეზონის პირველი თამაში იყო. იმ თამაშიდან კვარამ შოუს მოწყობა დაიწყო. ის მატჩი „ნაპოლიმ“ 5:2 მოიგო. მატჩის შემდეგ ერთმანეთს მე და „ნაპოლის“ ანალიტიკოსი დავემშვიდობეთ და როცა გასახდელში ვბრუნდებოდით, მიყურებს და მეუბნება: „ხომ გითხარი, სულ სხვა კატეგორიაა“. ეს არის ისტორია, რომელიც მინდოდა თქვენთვის მომეყოლა“, - ამბობს ლუკა დიდი.
შეგახსენებთ, რომ მატჩი, რომელზეც „ვერონას“ ყოფილმა ანალიტიკოსმა გაიხსენა, კვარაცხელიასთვის იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო იყო და გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა, „ნაპოლიმ“ კი 5:2 გაიმარჯვა.





