ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და იდეალური შანსი ჰქონდა „მილანისთვის“ გადაესწრო (ბურთების ბალანსით), რადგან შინ გავარდნილ „ვერონას“ მასპინძლობდა.
თუმცა, ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოახერხა და, ვერ მოიგო. „ვერონას“ ასეთი მოტივაციით ალბათ, მთელი სეზონია არ უთამაშია, როგორც ტურინში და ქულა მოიპოვა, რომელიც არაფერში სჭირდებოდა.
„ვერონა“ 34-ე წუთზე კირონ ბოვის გოლით დაწინაურდა. ეს იყო სტუმართა პირველი დარტყმა კარში. მანამდე, „იუვეს“ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, ხარიხაც შეაზანზარა გლეისონ ბრემერმა.
„იუვენტუსმა“ მეორე ტაიმში დუშან ვლაჰოვიჩის შესანიშნავი ჯარიმით გაათანაბრა, ეს 62-ე წუთზე და ბევრი დრო ჰქონდა გამარჯვების გოლისთვის, მაგრამ ვერ გაიტანა, რაც სტუმართა მეკარის, მონტიპოს დიდი დამსახურებაა, რომელმაც ფრანსისკო კონსეისაოს ორჯერ აჯობა. ბოლო წუთზე გოლთან ახლოს ედონ ჟეგროვა იყო, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ჯერ მონტიპომ ითამაშა, მერე ბურთი ძელს მოხვდა და 1:1. „იუვე“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა, 29-ჯერ დაარტყა, 14 კუთხური ჩააწოდა, მაგრამ ორი უმნიშვნელოვანესი ქულა დაკარგა, რაც შეიძლება სეზონის ბოლოს ძალიან ძვირად დაუჯდეს.
„იუვენტუსი“ 65 ქულით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ მხოლოდ სამი ქულით უსწრებს „კომოს“ და ოთხით „რომას“, რომელსაც ამ ტურში ჯერ უთამაშია. ლუჩანო სპალეტის გუნდს დარჩენილი სამი თამაში მოსაგები აქვს, უახლოეს მატჩს კი 9 მაისს, სტუმრად „ლეჩესთან“ გამართავს.





