2026 წლის მაიამის გრან პრი ფორმულა 1-ის სეზონში გარდამტეხ მომენტად შეიძლება ჩაითვალოს, არა მხოლოდ ქაოსური რბოლის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ჩემპიონატში ახალი ლიდერი საბოლოოდ ჩამოყალიბდა.
მთავარი გმირი კვლავ კიმი ანტონელი იყო - 19 წლის იტალიელი, რომელმაც მაიამიში ისტორია დაწერა და საკუთარი სტატუსი „პერსპექტიული ტალანტიდან“ რეალურ ტიტულის ფავორიტამდე აიყვანა. მაიამიში ანტონელი უკვე ჩემპიონატის ლიდერის სტატუსით ჩავიდა. მან ზედიზედ მესამე პოლ-პოზიცია მოიპოვა, რაც მანამდე მხოლოდ ლეგენდარული პილოტების დონეზე ფიქსირდებოდა.
პოლზე: ანტონელი P2: მაქს ვერსტაპენი P3: შარლ ლეკლერი:
ამავდროულად, სპრინტში სრულიად განსხვავებული სურათი ვიხილეთ - ლანდო ნორისმა მოიგო და მაკლარენმა დომინაცია აჩვენა.
რბოლის წინ მთავარი კითხვა იყო შეძლებდა თუ არა ანტონელი რბოლაში ტემპის შენარჩუნებას, როცა სტარტები მისი სუსტი მხარე ჩანდა? სტარტი პირველივე წამებში ქაოსური აღმოჩნდა, რომელმაც ყველა სცენარი თავდაყირა დააყენა. ვერსტაპენმა და ლეკლერმა ერთდროულად შეუტიეს პოლზე მყოფ ანტონელის. იტალიელი იძულებული გახდა ფართოდ გასულიყო, ხოლო ვერსტაპენი მეორე მოსახვევში დატრიალდა. ლიდერი გახდა ლეკლერი ანტონელი პოზიციებს კარგავდა.
რბოლა კონტროლიდან გამოვიდა ჯერ კიდევ პირველ წრეებში. ეს იყო კლასიკური მაიამი: მაღალი ტემპერატურა და შეცდომების სერია. ანტონელიმ ლიდერობა მე-17 მოსახვევში შიგნით შესვლით დაიბრუნა. მაგრამ ეს უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელდა, მალევე წინ ლანდო ნორისი გავიდა და რბოლის ტემპი თავის ხელში აიღო.
გარდამტეხი მომენტი მე-7 წრეზე ორი ავარია მოხდა, რამაც რბოლა გაანეიტრალა. ისაკ ჰაჯარი ავარიაში მოყვა, ლიამ ლავსონის კონტაქტმა პიერ გასლი ამოატრიალა და ამ დროსაც Safety Car-მა მთელი სტრატეგია შეცვალა. სწორედ ამ დროს აირჩია მერსედესმა სწორი გზა, მოთმინება და სწორი ტაიმინგი.
რბოლის ბედი პიტ-სტოპების ფაზაში გადაწყდა. ნორისი ლიდერობდა, ანტონელი თავის მომენტს ელოდებოდა. როცა ნორისი ერთი წრით გვიან შევიდა პიტში, ანტონელი უკვე წინ იყო და ეს უპირატესობა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამ ფონზე მაქს ვერსტაპენი ალტერნატიულ სტრატეგიაზე გადავიდა და გარკვეული დროით ლიდერობდა. მაგრამ, ეს მხოლოდ დროებითი იყო. ანტონელიმ და ლანდომ მას 29-ე წრეზე გადაუსწრეს და ბრძოლა უკვე ორს შორის გაგრძელდა.
რბოლის შემდეგ კი ვერსტაპენი სტიუარდების გამოძიების ქვეშ აღმოჩნდა პიტ-ლეინის ხაზის გადაკვეთის გამო, რაც შეიძლება დამატებით სანქციად გადაიქცეს.
ბოლო სტინტი იყო კლასიკური „ნერვების ომი“ - ნორისი მუდმივად 1 წამში მიყვებოდა მერსედესს, რომელსაც ტექნიკური პრობლემა ჰქონდა. ანტონელი მთელი ბოლო ეტაპი ზეწოლის ქვეშ იყო მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სიმშვიდე. იტალიელმა არცერთ კრიტიკულ მომენტში შეცდომა არ დაუშვა.
საბოლოოდ:
კიმი ანტონელი - მერსედესი
ლანდო ნორისი - მაკლარენი +3.2 წმ
ოსკარ პიასტრი - მაკლარენი
ანტონელი გახდა პირველი პილოტი ისტორიაში, რომელმაც პირველი სამი პოლიდან სამივე რბოლა მოიგო.

პელოტონში რბოლის ბოლო წრეები ასევე სავსე იყო დრამით: ლეკლერი შეცდა და კედელს შეეჯახა, რამაც საპრიზო სამეულში ადგილი დააკარგვინა და ფერარის პილოტი ამჯერად მე-6 პოზიციას დასჯერდა. მასვე მიყვა მეშვიდე პოზიციით თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი. რამდენიმე პილოტი კი ავარიების გამო ფინიშამდეც ვერ მივიდა.
19 წლის ანტონელიმ დაამტკიცა, რომ უკვე მზად არის ჩემპიონობისთვის. ის ამ ეტაპის შემდეგ აღარ არის „ახალი ტალანტი“, კიმი არის ფორმულა 1-ის მთავარი ფიგურა 2026 წლის სეზონში.
"სტარტი არცისე ცუდი იყო, როგორც გუშინ. პირველ მოსახვევში მაინც დავუშვი შეცდომა, როცა ლეკლერის გადასწრებას ვცდილობდი, ამის გამო წინ ლანდო გავუშვი. ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ დიდი გზაა, გუნდი მუშაობს შესანიშნავად", - თქვა ანტონელიმ.
ფორმულა 1 ახლა 20 დღით შეისვენებს და 22-24 მაისს კანადიდან დაბრუნდება.
1. კიმი ანტონელი - მერსედესი - 100 ქულა
2. ჯორჯ რასელი - მერსედესი - 80 ქულა
3. შარლ ლეკლერი - ფერარი - 63 ქულა
4. ლანდო ნორისი - მაკლარენი - 51 ქულა
5. ლუის ჰემილტონი - ფერარი - 49 ქულა
6. ოსკარ პიასტრი - მაკლარენი - 43 ქულა
7. მაქს ვერსტაპენი - რედ ბული 26 ქულა
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 143
2. ფერარი - 98
3. მაკლარენი - 61
4. რედ ბული - 20
5. ჰაასი - 18







