ფეხბურთი

11:53 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

MARCA: "კვარაცხელია პსჟ-ს შემტევი ხაზის მამოძრავებელი ძალაა"
"არის თუ არა ახლა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? მისი ბოლოდროინდელი თამაშებიდან ეს ლეგიტიმური კითხვაა"

ცნობილმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა Marca-მ "პარი სენ-ჟერმენის" ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება გაამახვილა მის ამჟამინდელ ფორმაზე და იმაზე, შეიძლება თუ არა ქართველი შემტევი უკვე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩაითვალოს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კვარაცხელია დღეს პსჟ-ს შეტევის მთავარი ფიგურაა და მისი ბოლო პერიოდის გამოსვლები, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, მას განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს.

არის თუ არა ახლა ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?

„ეს არის ის ტიპის კითხვა, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ფეხბურთელი ყველაზე დიდ სცენაზე ბრწყინავს: არის თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე? მისი ბოლო თამაშების შემდეგ, ეს უკვე სერიოზული განხილვის თემაა, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დასახელება მოითხოვს არა მხოლოდ მოკლე პერიოდში ბრწყინვალე თამაშს, არამედ სტაბილურობას წლების განმავლობაში. ამ სტანდარტს ქმნიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლიონელ მესი და კილიან მბაპე.

კვარაცხელია პსჟ-ს შეტევითი აღმავლობის ცენტრში დგას. როდესაც გუნდი საუკეთესო ფორმაშია, ხშირად სწორედ ის არის ამის მთავარი მიზეზი. ამ მომენტისთვის შესაძლოა ევროპაში მასზე უფრო კარგ ფორმაში მყოფი შემტევი არც იყოს. მისი ბოლო პერიოდის თამაშებმა, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, მისი სტატუსი ვარსკვლავიდან პოტენციურ გლობალურ ლიდერამდე აიყვანა და თუ პარიზული კლუბი ლიგას მოიგებს, მისი პრეტენზია მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

არსებობს სტილისტური ფაქტორიც. კვარაცხელია თამაშში აერთიანებს სანახაობრივობასა და ეფექტიანობას, რაც თანამედროვე ფეხბურთში განსაკუთრებით ფასდება. მას შეუძლია არაფრიდან შექმნას მომენტი, მაგრამ ამავე დროს შედეგიც მოაქვს. ეს კომბინაცია იშვიათია და სწორედ ამიტომ უჭირთ მცველებს მისი შეჩერება მაშინაც კი, როცა იციან, რას უნდა ელოდონ", - წერს გამოცემა.


შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 შეხვედრაში 18 გოლით და 9 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087643