რაგბი

18:15 | 4.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

crocobet დიდი 10 | ‘გორი’ უძლიერესებში დარჩა

გორის ‘გორმა’ crocobet დიდი 10-ის ასვლა-დარჩენის ფლეი ოფში, თბილისის ‘ლოკომოტივი’ ორი მატჩის ჯამში 28:21 დაამარცხა და უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორივე შეხვედრამ დაძაბულ ორთაბრძოლებში ჩაიარა. ‘გორი’ პირველ მატჩში მცირედ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ჯარიმებს კარში არ არტყამდა, შესაბამისად, ქულების აღების რამდენიმე რეალური შანსი გაანიავა და ამისათვის კინაღამ დაისაჯა.

პირველი თამაში “ლოკომოტივის ბაზაზე” შედგა და ფრედ 15:15 დასრულდა. თბილისელები ლუკა დემურიშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ, რაზეც ტაიმის შუაში სავანიოლო კალავეტიმ ლელოთი უპასუხა. გარდასახვა არაზუსტი იყო, ‘ლოკომოტივმა’ მომდევნო 20 წუთში კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა და 12:5 დაწინაურდა.

‘გორმა’ თამაშის განახლებისთანავე მეორე ლელო გაიტანა, 5 ქულა დავით მთვარაძემ მიითვალა, მამუკა ნინიძემ კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. მე-60-ე წუთზე სტუმრებმა ჯარიმა კარში დაარტყეს და ნინიძემ ‘გორი’ წინ გაიყვანა, თუმცა 71-ე წუთზე მას გიორგი კეკელიამ ჯარიმითვე უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 15:15.

გორში გამართული განმეორებითი შეხვედრა მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. ისინი ხელდახელ კარგად უტევდნენ და მე-16 წუთზე ლამაზი კომბინაცია სავანიოლო კალავეტის ლელოთი დასრულდა. მომდევნო 10 წუთში ‘ლოკომოტივმა’ ლუკა დემურიშვილის ორი ჯარიმით უპასუხა და თბილისელებმა ტაიმი აქაც მოიგეს - 6:5.

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ‘ლოკომოტივი’ კარის წინ დაჯარიმდა და ნიკა ცინცაძემ ‘გორს’ უპირატესობა დაუბრუნა, ხოლო 57-ე წუთზე ლევან ხუციშვილის კარგი თამაშის შემდეგ კალავეტიმ მეორე ლელო გაიტანა და ანგარიში 13:6 გახადა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘გორმა’ crocobet დიდი 10-ში ადგილი შეინარჩუნა, ‘ლოკომოტივი’ კი კვლავ პირველ ლიგაში რჩება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162651