ინგლისის პრემიერლიგაში ლონდონის „ჩელსის“ კრიზისი უსასრულოდ გრძელდება. „არისტოკრატებმა“ მორიგი მატჩი წააგეს - შინ „ნოტინგემთან“ 0:3.
მეორე წუთზე ანგარიში ტაივო ავონიმ გახსნა, რასაც მალევე იგორ ჟეზუშის ზუსტი პენალტი მოჰყვა, რომელმაც სხვაობა გააორმაგა. „ჩელსის“ ტაიმის მიწურულს სხვაობის შემცირების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ კოულ პალმერმა მატს სელსს პენალტი ვერ გაუტანა.
სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დასაწყისში ავონიმ დუბლი შეასრულა და სხვაობა სამამდე გაზარდა. „ჩელსიმ“ ბოლოს პრესტიჟის გოლი გაიტანა - ჟოაო პედრომ მაკრატელა დარტყმით და ლონდონელებმა 1:3 წააგეს.
ეს მნიშვნელოვანი გოლია „ჩელსისთვის“, რადგან ისტორიაში პირველად ზედიზედ 6 მატჩის წაგებასთან იყო პრემიერლიგაში, ისე, რომ გოლიც ვერ გაეტანა. „ჩელსის“ პრემიერლიგაში ბოლო გოლი აქამდე 4 მარტს, „ასტონ ვილასთან“ გაეტანა (4:1 მოგებულ მატჩში).
„ჩელსი“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა, 48 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 მაისს, „ლივერპულს“ შეხვდება. „ნოტინგემმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო, 42 ქულით მე-16 საფეხურზეა და პრემიერლიგაში დარჩენის საკითხი დიდი ალბათობით, გადაჭრა.





