მადრიდის „რეალის“ გულშემატკივართა ნაწილმა ინტერნეტში დაიწყო კამპანია, რომელიც კილიან მბაპეს წინააღმდეგაა მიმართული და მისი სათაურია - Mbappe OUT.
ინიციატივა „ბლანკოსის“ ფანებს მოუწოდებს, რომ ხელი მოაწერონ ონლაინ პეტიციას, რომელიც ცვლილებებს მოითხოვს: „მადრიდისტებო, გააგონეთ თქვენი ხმა. თუ თვლით, რომ ცვლილებები აუცილებელია, ნუ გაჩუმდებით: მოაწერეთ ხელი პეტიციას და აჩვენეთ, რას მიიჩნევთ საუკეთესოდ კლუბის მომავლისთვის“, - ნათქვამია სპეციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სულ რამდენიმე საათში კამპანიამ შთამბეჭდავ რიცხვებს მიაღწია, შეაგროვა ორ მილიონზე მეტი ხელმოწერა და კიდევ სწრაფად იზრდება, რაც უკმაყოფილების ნიშანია.
კილიან მბაპე მიმდინარე სეზონში „რეალის“ საუკეთესო ბომბარდირია 41 გოლით, მაგრამ როგორც ჩანს, ფანებს მისი დამოკიდებულება არ მოსწონთ, სიტუაცია გაამწვავა ბოლო დროს კილიანის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულმა ამბებმა.





