მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„გადამწყვეტ მომენტებში ისეთი ეფექტურები არ ვიყავით, როგორც ჩვეულებრივ. პირველ მატჩში, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ 2:1 ვერ დავწინაურდით. დღეს, მეორე ტაიმში, კარგად ვითამაშეთ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენგან განსხვავებული ეკონომიკური და ტექნიკური ძალა ჰქონდა, მაგრამ წარმოუდგენლად ვიბრძოლეთ ჩვენი ძალით, ენთუზიაზმითა და შრომისმოყვარეობით.
მსაჯის გადაწყვეტილება? ამჟამად ამას მნიშვნელობა არ აქვს. გრიზმანის წინააღმდეგაც შეიძლება იყო პენალტი, ფეხბურთში ეს ხდება. მსაჯებს შეუძლიათ შეცდომები დაუშვან ჩვენს სასარგებლოდ ან ჩვენს წინააღმდეგ. ამჯერად, შესაძლოა, ეს შეცდომები ჩვენს სასარგებლოდ არ იყო.
იმედგაცრუება არსებობს, მაგრამ შესანიშნავი სერია გვქონდა. წაგების მრავალი გზა არსებობს და ბიჭებს ვერაფერს ვეტყვი. მეტის გაკეთება არ შეგვეძლო. ნახევარფინალში გავედით და ამას არავინ ელოდა.
იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ უნდა შევეგუოთ. ვულოცავ „არსენალს“, რომელმაც ამ დონემდე მისასვლელად ძალიან ბევრი იშრომა. არტეტა წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებს და მისთვის მიხარია“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მეორედ და ოცწლიანი პაუზის შემდეგ გავიდა, სადაც 30 მაისს, ბუდაპეშტში „ბაიერნს“ ან „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.







