ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა ვილიამ სალიბამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებისა (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ფინალში გასვლა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ამის მიღწევა რთულია, განსაკუთრებით ახალი ფორმატისა და ჩვენი მოწინააღმდეგეების უკიდურესად მაღალი დონის გათვალისწინებით. გვიხარია, რომ დავამარცხეთ „ატლეტიკო“ და ეს შესაძლებლობა დავიმსახურეთ. მცველობა რთულია: ძალიან ძლიერ, მაღალი ხარისხის თავდამსხმელებს ებრძვი. გვიხარია, რომ ისინი დავამარცხეთ.
ფინალი? ეს მხოლოდ ერთი მატჩია. თუ მოვიგებთ, ჩვენი ოცნების ახდენა იქნება, მაგრამ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ჯერ კიდევ ოთხი კვირა გვაქვს წინ და პირველ რიგში პრემიერლიგაზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა სალიბამ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში კი მეორედ გავიდა და მისი მეტოქე 30 მაისს, ბუდაპეშტში, „პარი სენ-ჟერმენი“ ან „ბაიერნი“ იქნება.







