"სენტ ეტიენის" ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა peuple-vert.fr-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ზურიკო დავითაშვილმა და აიმან მუფეკმა გუშინ ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად ინდივიდუალურად ივარჯიშეს, ისინი რეაბილიტაციის პროცესში არიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებენ თუ არა შაბათს ლიგა2-ის ბოლო ტურში მონაწილეობის მიღებას.
მოგეხსენებათ, რომ დავითაშვილმა ტრავმა "ტროასთან" მატჩში მიიღო და მოედნის დატოვება მე-16 წუთზე მოუწია. სამედიცინო კვლევების მიხედვით, მას მყესების დაჭიმულობა აღენიშნებოდა.
ლიგა2-ის ბოლო ტურის წინ ასეთი სიტუაციაა: „ლე მანი“ 59 ქულით მეორეა, 57 ქულა აქვს „სენტ ეტიენს“ და მესამეა. ბოლო ტურში ორივე უკვე გავარდნილ მეტოქეებს ხვდება, შესაბამისად - „ბასტიას“ და „ამიენს“.
ლიგა 1-ში პირდაპირ ორი გუნდი გადავა. ერთი უკვე გადავიდა „ტრუა“, მეორე ადგილისთვის ბრძოლა გრძელდება, „ლე მანის“ და „სენტ ეტიენის“ გარდა, საქმეშია „რედ სტარიც“, რომელსაც ასევე 57 ქულა აქვს. „როდეზი“ 55 ქულით მეხუთეა. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან მესამე-მეხუთე ადგილოსნები პლეი-ოფში გადიან.
მესამე ადგილოსანი პლეი-ოფის ნახევარფინალში დაიბევებს ადგილს, იქამდე, მეოთხედფინალში მეოთხე-მეხუთეადგილოსნები შეხვდებიან და მოგებული ეთამაშება მესამეადგილოსანს. აი, უკვე იქ მოგებული შეხვდება ლიგა 1-ის მე-16 ადგილოსანს.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზეა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.





