ფეხბურთი

0:59 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას ასისტი, რეკორდი და პსჟ ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. ლუის ენრიკეს გუნდმა ნახევარფინალში „ბაიერნის“ დამარცხება მოახერხა.

პსჟ-მ შეინარჩუნა პირველ მატჩში მოიპოვებული მინიმალური უპირატესობა (5:4), რაშიც უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო (თუმცა, უეფამ ასეთად ვილიან პაჩო მიიჩნია).

პარიზელებმა მიუნხენში მესამე წუთზე გაიტანეს: კვარამ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა ფაბიან რუისთან, სივრცე გაუჩნდა, რომელიც გამოიყენა და საგოლე პასი გააკეთა - გოლი უსმან დემბელემ გაიტანა - 0:1.

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა. კერძოდ: კვარაცხელია პირველია ამ ტურნირის ისტორიაში (რაც ლიგა ეწოდა), რომელიც ერთ სეზონში პლეი-ოფის სტადიაზე ზედიზედ შვიდ შეხვედრაში შედეგიანი მოქმედებით გამოირჩა. ხვიჩას სტატისტიკა ასეთია: გოლი „მონაკოსთან“, ორი გოლი და საგოლე პასი „ჩელსისთან“, გოლი „ჩელსისთან“, გოლი „ლივერპულთან“, საგოლე პასი „ლივერპულთან“, ორი გოლი „ბაიერნთან“ და საგოლე პასი „ბაიერნთან“.

პსჟ-ს სწრაფი გოლი ნიშნავდა, რომ „ბაიერნს“ მინიმუმ ორჯერ უნდა გაეტანა. მიუნხენურ გრანდს ძალიან შეუზღუდეს სივრცეები, განსაკუთრებით, მაიკლ ოლისეს, ლუის დიასს და ჰარი კეინს. პსჟ დაცვაში ძალიან ორგანიზებული იყო. თუმცა, პირველ ტაიმში, ერთწუთიან ინტერვალში იყო ორი მომენტი, როცა მიუნხენელები ჯერ ნუნუ მენდეშის გაძევებას და შემდეგ პენალტს ითხოვდნენ, არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ მსაჯმა ორივე მომენტი სხვაგვარად განსაჯა.

„პარი სენ-ჟერმენი“ თავს კარგად იცავდა, პარალელურად, შეტევაში ძალიან სახიფათოდ გადადიოდა და რომ მანუელ ნოიერი, კიდევ ერთხელ გაიტანდა. თუმცა, ვეტერანმა გერმანელმა მეკარემ მინიმუმ 4 რთული დარტყმა მოიგერია, მათ შორის, ერთხელ კვარას აჯობა. ხვიჩა ყველგან იყო, შეტევაში, დაცვაში, ორივე ფლანგზე, მოედნის ცენტრში - საოცარი სამუშაო შეასრულა. კვარას 79-ე წუთზე ცოტა დააკლდა ულამაზეს გოლამდე, როცა პირისპირ გავიდა ნოიერთან, მაგრამ ვეღარ დაარტყა.

„ბაიერნმა“ მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გაიტანა - ჰარი კეინმა შეძლო გათანაბრება. მეტისთვის მასპინძლებს დრო არ ჰქონდათ. ფრე 1:1, ორი მატჩის ჯამში პსჟ-მ 6:5 მოიგო და ფინალშია, ისტორიაში მესამედ და ზედიზედ მეორედ. ასე რომ, ტიტულის დასაცავად ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

„ბაიერნი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 1:1 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 5:6

მიუნხენი, „ალიანს არენა“

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; ლაიმერი, უპამეკანო (კარლი 85), ტაა (კიმი 67), სტანიშიჩი (დევისი 67); კიმიხი, პავლოვიჩი; ოლისე, მუსიალა (ჯექსონი 79), ლუის დიასი; კეინი

მწვრთნელი: ვენსან კომპანი

„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): საფონოვი; ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში (მაიულუ 85); ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი (ბერალდო 76); დუე (ერნანდესი 76), დემბელე (ბარკოლა 65), კვარაცხელია

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 დემბელე (3), 1:1 კეინი (90)

გაფრთხილება: ტაა (33), ლუის დიასი (78) - მენდეში (8), კვარაცხელია (45), მარკინიოსი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 15 (7) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ჟოაო პინეირო (პორტუგალია)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099256