ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ შესანიშნავად ითამაშა, ამჯერად საგოლე პასი მიითვალა და ამის გარეშეც, მეტოქისთვის მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა.
ფრანგულ მედიაში ქართველი შემტევის თამაშს შესანიშნავი გამოხმაურება და შეფასებები აქვს:
Paris fans – 7 ქულა: „რა საოცარია. ტექნიკურად ძალიან სუფთა, მეწარმე. ის კვლავ გადამწყვეტი იყო მნიშვნელოვან მატჩში. მან „ბაიერნის“ ფეხბურთელებს პრობლემები შეუქმნა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში“.
Maxi Foot – 8 ქულა (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი): „პირველ მატჩშიც ბრწყინვალედ ითამაშა და ახლაც, კიდევ ერთხელ დატოვა კვალი საპასუხო შეხვედრაში. ფლანგზე შეუჩერებელი და ყველა დადებით ეპიზოდში ჩართული. დემბელეს გოლიც მან მოამზადა, სანამ „ბაიერნს“ ყველანაირ პრობლემას შეუქმნიდა. უპამეკანოც იმ ეპიზოდს ვერ დაივიწყებს“.
Foot Mercato – 7 ქულა: „პსჟ-ს შეტევის ნამდვილი ლიდერი ამ სეზონში, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ქართველმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი მნიშვნელოვან მატჩში. თავიდანვე ძალიან აქტიური იყო, გადამწყვეტი იყო ანგარიშის გახსნაში, მესამე წუთზე დემბელეს შესანიშნავი ჩაწოდება გაუკეთა. თავდაჯერებულმა განაგრძო „ბაიერნის“ დაცვის შეწუხება და 21-ე წუთზე დარტყმითაც კი სცადა ბედი, რომელიც გერმანელმა მეკარემ მარტივად მოიგერია. პირველი ტაიმი სავსე იყო შთამბეჭდავობითა და კრეატიულობით. მეორე ტაიმში ქართველი საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი დარტყმა განახორციელა, მაგრამ გერმანელმა მეკარემ დუელი მოიგო“.
90 min – 8 ქულა: „თავიდანვე ენთუზიაზმით აღსავსე. მან მესამე წუთზე უსმან დემბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ის წარმოუდგენლად აქტიური იყო, ავლენდა მისთვის ჩვეულ ენერგიას და თავდაცვით როლს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს სულელური ყვითელი ბარათი მიიღო, კვარა კიდევ ერთ სანახაობრივ გოლთან ახლოს იყო უპამეკანოს მოტყუებით 57-ე წუთზე, განსაკუთრებით კი 79-ე წუთზე, როდესაც ნოიერთან პირისპირ იყო“.
Eurosport – 8 ქულა: „ის დიდი ღამეების კაცია. ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ყველაფერზე იზრუნა. პირველ რიგში, ის იყო პირველი გოლის 80%-ით პასუხისმგებელი. მან უპამეკანო თავისი სისწრაფით დაჯაბნა. ფრანგი მცველი ორმაგი ფინტით მოატყუა, სანამ ნოიერი აჯობებდა. ქართველი შეუჩერებელი იყო და სომბრეროს დარტყმის შემდეგ გოლის გატანა დაიმსახურა, მაგრამ ბურთი მის ფეხებთან დარჩა. რაც შეეხება მის თავგანწირვას დაცვაში... მოკლედ... ოქროს ბურთის სეზონი“.
Onze mundial – 8.5 ქულა: „მარცხენა ფლანგზე შეუჩერებელ ქართველს მხოლოდ სამი წუთი დასჭირდა თავისი კვალის დასატოვებლად და დემბელეს გადამწყვეტი გადაცემა გაუკეთა. მატჩის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში ის „ბაიერნისთვის“ მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.







