ფეხბურთი

2:17 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ვიბრძოლეთ და გუნდური სული საოცარი იყო"
"ძალიან ვამაყობთ, რომ ეს კიდევ ერთხელ შევძელით. ფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწრაფი გოლის გატანა და ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ფინალიც მოიგონ.

„ძალიან გვიხარია, რომ ფინალში ვართ. ვიცით, რომ „არსენალის“ წინააღმდეგ რთული იქნება. „ბაიერნი“ ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია - ეს ძალიან რთული იყო, სეზონის ყველაზე რთული თამაში. ვაჩვენეთ, რომ ამ გუნდების წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ძალიან სწრაფად გავიტანეთ გოლი. დავინახე, რომ დემბელე მარტო იყო და უბრალოდ ბურთი უნდა მიმეცა მისთვის. მან ძალიან კარგად დაასრულა. ვამაყობთ მისით და მთელი გუნდით, რადგან დღეს ვიბრძოლეთ და გუნდური სული საოცარი იყო.

ძალიან ვამაყობთ, რომ ეს კიდევ ერთხელ შევძელით. ფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ - ეს ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვენლოვანესი თამაშია და ამ კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ყველა გუნდს პატივს ვცემთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თამაშის ჩვენება. ნამდვილად არ ვფიქრობთ იმაზე, თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, უბრალოდ ვემზადებით ჩვენი თამაშისთვის და ყველაფერს ვაკეთებთ მოედანზე. რთული იქნება, ჩემპიონთა ლიგის ფინალია. უბრალოდ უნდა წავიდეთ და ვისიამოვნოთ“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09273