ფეხბურთი

16:51 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"კვარას მსგავსი თამაში გარემარბებისთვის აუცილებელი მოთხოვნა იქნება!"

სულ მცირე, მომავალი ათი წელიწადი გარემარბებისათვის აუცილებელი მოთხოვნა იქნება ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი თამაშიო, ამბობენ უცხოელი სპეციალისტები. იგულისხმება როგორც თავდასხმაში, ასევე ნახევარდაცვაში და დაცვაში უკანდახეული თამაში. რატომ ვერ აკეთებენ ამას სხვა სუპერვარსკვლავები? იმიტომ, რომ უჭირთ. არაა მხოლოდ ეგოში საქმე, რომელსაც ხშირად მიაწერენ მბაპეს, ნეიმარს ან ვინისიუსს.

ლუის ენრიკემ ასწავლაო. რა, რუსეთში სიომინმა ან სლუცკიმ არ იცოდა, დაცვაშიც რომ უნდა თამაშობდეს თავდამსხმელი? იტალიალი სპეციალისტები ნაწყენები არიან - არასწორია, ლუის ენრიკემ ასწავლაო, სპალეტიმ ნაპოლიში დააწყებინა ასე თამაშიო.

ყველა სწორია.

ბევრჯერ გვინახავს, როგორ უყვიროდა სპალეტი ხვიჩას, უკან ჩამოსულიყო. ხან აკეთებდა ამას, ხან - ვერა. როცა უკან ბევრს მუშაობდა, დაღლილს წინ ნაკლებად გამოსდიოდა დრიბლინგები. თამაშის ბოლოსკენ შეცვლაც უწევდა. მაშინ სპალეტის აკრიტიკებდნენ იტალიელები - შეეშვი ამ ბიჭს, რაც მაგრად გამოსდის, ის აკეთოს, ნუ ქანცავ აღმა-დაღმა სირბილით, იკარგება შეტევაში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიო. არადა სპალეტიც სწორი იყო.

დღეს ხვიჩა უკვე უნივერსალი გარემარბის ეტალონია. რა მოხდა ამ წელიწადნახევარზე ნაკლები დროის განმავლობაში? ის, რომ ფიზიკურად ძალიან მოუმატა. არაა ის სიფრიფანა პატარა ბიჭი, რომელიც გვინახავს. თანაც იშვიათად ტრავმიანობს და ტრავმიდანაც ნაკლები დაზიანებით გამოდის. ეს სპეცვარჯიშების, დისციპლინისა და დაუღალავი შრომის შედეგია. ტრავმისადმი მიდრეკილება ნიშნავს იმას, რომ რაღაც დააკელი ორგანიზმს.

რაში მოუმატა კიდევ, რაშია ლუის ენრიკეს განსაკუთრებული დამსახურება? გუნდურობაში, რაციონალიზმში, ეფექტზე გათვლილი თამაშის შემცირებაში, დრიბლიგების ნაკლებ მცდელობაში. თუ ნაპოლიში ყოფნისას წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით ხვიჩა ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიოში, ახლა საშუალო სტატისტიკას უჩვენებს. რატომ? იმიტომ, რომ ყოველი დაკარგული ბურთი წინ წასული მთელი გუნდის თავქუდმოგლეჯილ უკან გამოქცევას ნიშნავს. ეს აფუჭებს რიტმს და სათამაშო სქემას. პსჟ სხვანაირია გუნდია. პოზიციურად შემოერტყმება მოწინააღმდეგის საჯარიმოს მისადგომებს და ელოდება თავის შანსს. ისეთი ტექნიკურები არიან, რომ ადრე თუ გვიან ეს შანსი გამოჩნდება. არაა საჭირო ერთი-ერთზე ხშირი, გამწვავებებით თამაში.

მოკლედ, გუშინ ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ როგორ სწრაფად იზრდება და მსოფლიო დონეს აღწევს. ეფექტურობისა და ეფექტიანობის ნიმუში ხდება.

როგორც ნეაპოლი აამღერა ქართულად, ახლა პარიზიც მღერის. ეს საქართველოს ცნობადობის უბრალოდ ამაღლება კი არაა, ეს დადებითი, სახალხო ცნობადობაა, კულტურულ-პოლიტიკური ფაქტორია, რომელიც ქვეყანაზე მუშაობს.

აკეთებს ეს ბიჭი თავის საქმეს პირდაპირ და ჩვენს, ყველას საქმეს ირიბად. გუშინ კი, კიდევ ერთხელ მოგვანიჭა სიამოვნება და სიამაყეც განგვაცდევინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176445