ფეხბურთი

19:50 | 7.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ჟურნალისტი: "ჯერარდი ამბობს, რომ კვარა საუკეთესო გარემარბია, მე სიტყვა გარემარბს მოვაშორებდი"

ფრანგული Eurosport-ის ჟურნალისტმა მარტინ მოსნიემ „ბაიერნისა“ და პსჟ-ს მატჩის (1:1) ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ის დარწმუნებულია, რომ კვარა ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ოქროს ბურთი უნდა მოიგოს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

„საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ იქნება, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია, რომ დიდი საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელი იყოს, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია, შეიძლებოდა, ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტიც ყოფილიყო. უფრო სწორად, იქნებოდა კიდეც მთავარი ფავორიტი. ის საუკეთესო ფეხბურთელია. სტივენ ჯერარდი ამბობს, რომ ამ მომენტში ის მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია, მაგრამ სიტყვა გარემარბს საერთოდ მოვაშორებდი. ამჟამად ის უბრალოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

არ არსებობს ჩემპიონთა ლიგის მატჩი, სადაც ჩაიკარგება ან ვერ გამოჩნდება. რასაც ბოლო წელიწადნახევარია გვაჩვენებს, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო ექვს თვეში, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა. შემდეგ საფეხურზეც გადავიდა. მისი მენტალიტეტი და ის, რასაც განასახიერებს, ეს არის მებრძოლი, დაუღალავი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია საკუთარ საჯარიმომდე ჩამოვიდეს ბურთის დასაცავად. იბრძვის მოედნის ცენტრში, მეორე ბურთებისთვის, ართმევაზე. ის უნივერსალური და სრულყოფილი ფეხბურთელია“, - აღნიშნა მოსნიემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166642