ცნობილი ესპანური გამოცემის As-ის ჟურნალისტი ანდრეს ონრუბია წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წელია, სადაც ის ვერ ითამაშებს.
As-ის ვებგვერდზე ასეთი წერილი გამოქვეყნდა, რომლის სათაურია - კვარაცხელია ოქროს ბურთს იმსახურებს:
„2025 წელს პსჟ-ში კვარაცხელიას გადასვლა, კლუბის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გარიგება იყო. ლუის ენრიკე გუნდის ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის მამოძრავებელი ძალა გახლდათ, ხოლო ქართველი თავსატეხის დაკარგული ნაწილი იყო დაუმარცხებელი მანქანისთვის, რომელიც ევროპაში ისე დომინირებს, როგორც არასდროს.
პლეი-ოფის დაწყებიდან მოყოლებული, „კვარადონა“ გადამწყვეტი იყო ყველა მატჩში, გარდა „მონაკოს“ წინააღმდეგ პლეი-ოფის პირველი მატჩისა. ნახევარფინალში „ბაიერნთან“ მან პირველ მატჩში დუბლი შეასრულა და დემბელეს მიუნხენურ მატჩში გოლის გატანაში დაეხმარა. ევროპაში, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უფრო გადამწყვეტი თავდამსხმელი არ არსებობს.
მთელი ქება და ყურადღება დემბელეზე, ლუის ენრიკესა და პაჩოზე იქნება მიმართული, მაგრამ ვფიქრობ, არაა უსაფუძვლო იმის დაჯერება, რომ კვარაცხელია იმსახურებს ოქროს ბურთს. მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება, რა თქმა უნდა, მისთვის გადაულახავი დაბრკოლება იქნება, მაგრამ თუ პსჟ 30 მაისს მეორედ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ის ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ პრესტიჟული ჯილდოს პრეტენდენტი უნდა იყოს.
კვარაცხელია 70 მილიონი დაჯდა, რაც უმნიშვნელო თანხაა, თუ გავითვალისწინებთ, თუ რა შედეგი აჩვენა მან პარიზში ჩასვლის შემდეგ. ლუის ენრიკე თვეების განმავლობაში ითხოვდა მის დამატებას და დრომ აჩვენა, რომ ის მართალია. ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ზამთრის ტრანსფერია, რომელსაც შეუძლია ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოუტანოს პსჟ-ს, კლუბს, რომელიც მის მოსვლამდე ევროპაში დაწყევლილი ჩანდა“, - წერს AS-ი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.







