„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ „ამიენთან“ მატჩამდე ზურიკო დავითაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ქართველმა ფეხბურთელმა ბურთით ვარჯიში განაახლა, მაგრამ მისი თამაში მაინც საეჭვოა. „სენტ ეტიენს“ ბოლო სამი მატჩი აქვს წაგებული და გუნდის ლიდერის დაბრუნება ძალიან სჭირდება:
„საეჭვოა აიმენ მუფეკისა და ზურიკო დავითაშვილის თამაში. დავითაშვილმა ბურთით ვარჯიში განაახლა და ხვალ ტესტირება ჩაუტარდება“, - აღნიშნა მოკლედ მონტანიემ.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზეა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.
„სენტ ეტიენი“ 57 ქულით მესამე ადგილზეა და ბოლო ტურში „ამიენს“ 9 მაისს შეხვდება, მეორეადგილოსან „ლე მანს“ ორი ქულით ჩამორჩება. დიდი შანსია, რომ „მწვანეებს“ ლიგა 1-ში გადასასვლელად ბრძოლა პლეი-ოფში მოუწიოთ.





