მადრიდის „რეალმა“ ფედერიკო ვალვერდესა და ორელინ ჩუამენის შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს, კლუბი ურუგვაელი და ფრანგი ფეხბურთელების დასჯას აპირებს.
„რეალი“ აცხადებს, რომ დღეს დილით მომხდარი მოვლენების შემდეგ, კლუბმა გადაწყვიტა დისციპლინური წარმოების დაწყება ჩვენი ფეხბურთელების, ფედე ვალვერდეს და ორელიენ ჩუამენის წინააღმდეგ. კლუბი ორივე საქმის შედეგებს დროულად გამოაცხადებს, შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, „რეალი“ იტყობინება, რომ ფედერიკო ვალვერდეს თავის ტრავმა აქვს, რის გამოც „ელ კლასიკოს“ გამოტოვებს.
„ჩვენს ფეხბურთელ ფედე ვალვერდეს თავის ტრავმული დაზიანება დაუდგინდა. ვალვერდე სახლშია, კარგ მდგომარეობაშია და ამ დიაგნოზის სამედიცინო პროტოკოლების შესაბამისად, 10-14 დღე დასვენება დასჭირდება“, - ადასტურებს „რეალი“.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ვალვერდემ და ორელინ ჩუამენიმ ვარჯიშზე იჩხუბეს, რის შედეგადაც ურუგვაელი ფეხბურთელი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.





