მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბილეთების ფასებთან დაკავშირებული დავა თეთრ სახლამდეც კი მივიდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღიად გააკრიტიკა აშშ-პარაგვაის 12 ივნისს ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მატჩის ბილეთების ფასი.
„ნიუ-იორკ პოსტთან“ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ თავად არ აპირებდა ამ თანხის დახარჯვას.
„ნიუ-იორკ პოსტის“ ცნობით, აშშ-სა და პარაგვაის შორის მატჩისთვის სამ ძირითად კატეგორიაში ხელმისაწვდომი ყველაზე დაბალი ფასი თავდაპირველად 1,120 დოლარს აღწევდა.
ამერიკულ გაზეთთან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღიარა, რომ ეს ციფრი გაუკვირდა: „ეს არ ვიცოდი. რა თქმა უნდა, მინდა იქ ვიყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თავად არ გადავიხდიდი ამ თანხას“.
ლოს-ანჯელესში, აშშ-ის ეროვნული ნაკრების გახსნითი თამაშის ბილეთების გაყიდვა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ტურნირის განმავლობაში იმავე ადგილას გასამართი სხვა მატჩების.
ტრამპმა, რომელიც ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს, მოგვიანებით შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ საშუალო ფენის გულშემატკივრები შესაძლოა ტურნირის ვერ დაესწრონ.
„თუ ბრუკლინის მოსახლეობა და ყველა, ვისაც დონალდ ტრამპი უყვარს, ვერ წავა თამაშზე, იმედგაცრუებული ვიქნები. მინდა, რომ ის ადამიანები, ვინც მე მომცა ხმა, თამაშებს დაესწრონ“.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განმარტა, რომ ჯგუფური ეტაპის ბილეთების 25% 300 დოლარზე ნაკლებ ფასად იყიდება და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში შეუძლებელია მაღალი დონის კოლეჯის მატჩზეც კი უფრო იაფად დასწრება.
„ჩვენ ბაზარს უნდა შევხედოთ“, - განაცხადა ინფანტინომ ღონისძიებაზე. „მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ გასართობ ბაზარზე ვართ, ამიტომ საბაზრო ფასები უნდა გამოვიყენოთ. თუ ბილეთებს ძალიან იაფად გავყიდით, ისინი გაცილებით მაღალ ფასებში გადაიყიდებოდა “, - განმარტა მან.







