უნაი ემერი ევროპა ლიგის მეხუთედ მოგებისკენ მიიწევს. „ასტონ ვილამ“ „ნოტინგემ ფორესტი“ საპასუხო ნახევარფინალში გაანადგურა და ფინალშია.
პირველი მატჩი „ნოტინგემმა“ შინ 1:0 მოიგო, მაგრამ „ვილა პარკზე“ მეტოქეს ვერანაირი კონკურენცია ვერ გაუწია და 0:4 დამარცხდა. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ოლი უოტკინსმა გახსნა, მხოლო მეორე ტაიმში ემილიანო ბუენდიამ პენალტით სხვაობა გაზარდა, ბოლოსკენ კი ჯეიმს მაკგინმა დუბლი შეასრულა და ბირმინგემული გუნდი ფინალშია.
„ასტონ ვილას“ მეტოქე სატიტულე შეხვედრაში „ფრაიბურგი“ იქნება, რომელმაც „ბრაგას“ აჯობა.
პირველი მატჩი პორტუგალიაში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, მაგრამ გერმანიაში უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. „ფრაიბურგს“ ხელი შეუწყო იმან, რომ მეექვსე წუთიდან სტუმრები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ.
გერმანულმა გუნდმა პირველ ტაიმში ორჯერ გაიტანა, მეორე ტამში მესამეც შეაგდო. 10-კაციანმა „ბრაგამ“ მაინც ბოლომდე იბრძოლა და 79-ე წუთზე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეტი ვერ შეძლო და 3:1. ორი მატჩის ჯამში „ფრაიბურგმა“ 4:3 მოიგო.
რა თქმა უნდა, "ფრაიბურგისთვის" ეს ისტორიაში პირველი ევროპული ფინალია. მატჩს ლევან კობიაშვილი ესწრებოდა, რომელიც "ფრაიბურგის" ლეგენდაა და ამ კლუბში წლების განმავლობაში თამაშობდა.
ევროპა ლიგის ფინალი 20 მაისს, სტამბოლში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უნაი ემერიმ ევროპა ლიგა სამჯერ „სევილიასთან“ ერთად მოიგო, ერთხელ - „ვილიარეალთან“, ხოლო ერთხელ ფინალი წააგო („არსენალთან“ ერთად).
„ასტონ ვილა“ – „ნოტინგემი“ 4:0 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:1
გოლები: 1:0 უოტკინსი (36), 2:0 ბუენდია (57, პენ), 3:0 მაკგინი (77), 4:0 მაკგინი (80)
„ფრაიბურგი“ – „ბრაგა“ 3:1 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:3
გოლები: 1:0 კუბლერი (19), 2:0 მანზამბი (41), 3:0 კუბლერი (72), 3:1 ვიკტორი (79)







