კონფერენს ლიგაზე ორივე ფინალისტი ცნობილია - „კრისტალ პალასი“ და „რაიო ვალეკანო“.
ლონდონურმა გუნდმა დონეცკის „შახტარს“ მეორე მატჩიც მოუგო - ჯერ სტუმრად 3:1 და ახლა შინ 2:1. ენრიკეს ავტოგოლით ინგლისელები დაწინაურდნენ, რასაც ეგინალდომ უპასუხა. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში ისმაილა სარმა გამარჯვების გოლი გაიტანა. "შახტარში" არ უთამაშია ირაკლი აზაროვს, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო.
ასე რომ, „კრისტალ პალასი“ ინგლისის ასოციაციის თასისა და სუპერთასის მოგების შემდეგ მორიგი ტიტულისკენ მიიწევს - არადა, მანამდე ისტორიაში არაფერი მოეგო.
„რაიო ვალეკანომ“ ფრანგული „სტრასბური“ გააგდო, რომელსაც შინ 1:0 მოუგო, ამჯერად გასვლაზეც 1:0 აჯობა. როგორც მადრიდში, საფრანგეთშიც გამარჯვების გოლი ალემაომ გაიტანა. „რაიოსთვის“ ევროთასის ფინალი ცხადია, უდიდესი წარმატებაა.
კონფერენს ლიგის ფინალი 27 მაისს ლაიფციგში გაიმართება.
„სტრასბური“ – „რაიო ვალეკანო“ 0:1 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 0:2
გოლი: 0:1 ალემაო (42)
„კრისტალ პალასი“ – „შახტარი“ 2:1 (1:1) - ორი მატჩის ჯამში: 5:2
გოლები: 1:0 ენრიკე (25, ა.გ), 1:1 ეგინალდო (34), 2:1 სარი (52)







