კონფერენს ლიგის ფინალში „რაიო ვალეკანოს“ გასვლით გადაწყდა, რომ უეფასგან მეხუთე ქვოტას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის ესპანეთის ლა ლიგა მიიღებს.
მიმდინარე სეზონის რეიტინგში ინგლისის პრემიერლიგა დიდი უპირატესობით ლიდერობს და დიდი ხნის წინ გაინაღდა, რომ მეხუთეადგილოსანი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდოდა. ახლა ირკვეოდა მეორე ადგილის ბედი რეიტინგში.
ლა ლიგას 22.093 ქულა აქვს და ბუნდესლიგა, რომლის მონაგარი 21.785 ქულაა, ვეღარ გადაასწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ლიგის ფინალში გერმანიას წარმომადგენელი ჰყავს - „ფრაიბურგი“. ვინაიდან, ლა ლიგას ფინალში „რაიო ვალეკანოს“ სახით ჰყავს წარმომადგენელი, მეორე ადგილს ვეღარ ჩამოსცდება.
ლა ლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა“, „რეალი“, „ვილიარეალი“ და „ატლეტიკო“ გავიდნენ, მეხუთე ადგილზე ამჟამად „ბეტისია“, რომელიც უახლოეს მდევარ ვიგოს „სელტას“ 6 ქულით უსწრებს, რაც სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, დიდი ფორაა. ასე რომ, თუ არაფერი გაუთვალისწინებელი მოხდა, „ბეტისი“ ჩემპიონთა ლიგაზე იქნება.
აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგას შესაძლოა, როგორც ამ სეზონში, მომდევნოშიც 6 კლუბი ჰყავდეს ჩემპიონთა ლიგაზე: თუ „ასტონ ვილა“ ევროპა ლიგას მოიგებს (ფინალშია გასული) და პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზე გავა (ამჟამად მეხუთეა), პრემიერლიგიდან მეექვსეადგილოსანიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. მეექვსე ადგილისთვის კი ინგლისის ჩემპიონატში დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.





