ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ მატჩში „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე მატვეი საფონოვი კარიდან დარტყმებს ძირითადად არაზუსტად ასრულებდა, პირდაპირ აუტში, თანაც თითქმის ყოველთვის მეტოქის მარჯვენა ფლანგზე.
თითქოს, ეს რუსი მეკარის ფეხით თამაშის სისუსტის ბრალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და განზრახული გახლდათ.
როგორც ფრანგული მედია წერს, ეს იყო ლუის ენრიკეს ხრიკი, რითაც მან მაიკლ ოლისეს შეჩერება მოიფიქრა. საქმე ისაა, რომ საფონოვი ბურთს პირდაპირ ოლისეს ზონაში უშვებდა, აუტში, შემდეგ „ბაიერნი“ აუტს აწვდიდა და იმ ზონაში ფეხბურთელების უმეტესობა იყრიდა თავს.
ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ოლისეს გარშემო ბევრი ფეხბურთელი იყო, თავისუფალი სივრცე კი - არა. ამან ხელი შეუწყო იმასაც, რომ ოლისესთან პრაქტიკულად მარტო არასდროს რჩებოდა ნუნუ მენდეში, რომელსაც ყვითელი ბარათი ჰქონდა, შესაბამისად, გაძევების დიდი რისკის ქვეშ იყო. აღსანიშნავია, რომ საფონოვს მხოლოდ ორჯერ ჰქონდა ზუსტი პასი კარიდან ძლიერი დარტყმით ბურთის შეყვანისას (13 მცდელობიდან) და ერთადერთხელ დაარტყა ბურთი საპირისპირო ფლანგის მიმართულებით.
საბოლოოდ, ლუის ენრიკეს გეგმამ შესანიშნავად იმოქმედა - მაიკლ ოლისემ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.







