მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ფედერიკო ვალვერდემ ორელიან ჩუამენისთან მომხდარ ინციდენტზე ვრცელი განცხადება გააკეთა. ურუგვაელის თქმით, მის თანაგუნდელს მისთვის ხელი არ დაურტყამს და საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი შემთხვევით მომხდარი ინციდენტი გახდა.
„გუშინ ვარჯიშის დროს თანაგუნდელთან ინციდენტი მომივიდა. თამაშებით გამოწვეულმა დაღლილობამ და იმედგაცრუებამ ყველაფერი იმაზე მეტად დაძაბულად წარმოაჩინა, ვიდრე რეალურად იყო.
ნორმალურ გასახდელში მსგავსი რაღაცები ხდება და ჩვეულებრივ შიგნითვე გვარდება, საჯაროდ გამოტანის გარეშე. აშკარად ვიღაც ავრცელებს ჭორებს და ისეთ სეზონში, როდესაც "რეალი" ტიტულის გარეშე რჩება და მუდმივად ყურადღების ცენტრშია, ყველაფერი გადაჭარბებულად აღიქმება.
დღეს კიდევ ერთი უთანხმოება გვქონდა. კამათის დროს შემთხვევით მაგიდას დავეჯახე, რის შედეგადაც შუბლზე მცირე ჭრილობა მივიღე და საავადმყოფოში სტანდარტული ვიზიტი დამჭირდა. არც ერთ მომენტში ჩემს თანაგუნდელს ჩემთვის არ დაურტყამს და არც მე დამირტყამს მისთვის.
ვგრძნობ, რომ ამ სიტუაციაზე ჩემმა ბრაზმა და იმედგაცრუებამ — იმის ყურებამ, თუ როგორ ვცდილობთ ზოგიერთი ჩვენგანი სეზონის ბოლომდე ყველანაირად მივაღწიოთ შედეგს — იმ დონემდე მიმიყვანა, რომ თანაგუნდელთან კამათი მომივიდა.
ბოდიშს ვიხდი, გულწრფელად ვწუხვარ, რადგან ეს სიტუაცია ძალიან მტკენს გულს.პერიოდი, რომელსაც ახლა გავდივართ, მძიმეა.
"რეალი" ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის და მის მიმართ გულგრილი ვერ ვიქნები. ეს ყველაფერი დაგროვილი ემოციების შედეგია, რაც უაზრო ჩხუბში გადაიზარდა, და ამან ჩემს იმიჯს ზიანი მიაყენა, ასევე სივრცე დატოვა ეჭვებისა და სპეკულაციებისთვის, რომლებიც უბრალო შემთხვევას კიდევ უფრო ამძაფრებს.
სეზონის დასრულებამდე საუბარს არ ვაპირებდი. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ მთელი ბრაზი და წყენა ჩემში ვინახე.
კიდევ ერთი წელი დავკარგეთ და იმ მდგომარეობაში არ ვიყავი, რომ სოციალურ ქსელებში რამე დამეწერა, როცა ერთადერთი ადგილი, სადაც საკუთარი თავი უნდა მეჩვენებინა, მოედანი იყო — და ვფიქრობ, ეს გავაკეთე კიდეც. ამიტომ ყველაზე მეტად მე მაწუხებს და მტკივა, რომ ახლა ამ სიტუაციის გამო მომდევნო მატჩში ვერ ვითამაშებ, რაც სამედიცინო გადაწყვეტილებით განისაზღვრა.
ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ყველაზე მეტად მე მტკივა, რომ ამას ვეღარ შევძლებ. მზად ვარ, კლუბთან და თანაგუნდელებთან ვითანამშრომლო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან. მადლობა", - ნატქვამია ვალვერდეს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ვალვერდემ და ორელინ ჩუამენიმ ვარჯიშზე იჩხუბეს, რის შედეგადაც ურუგვაელი ფეხბურთელი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.





