მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა დაადასტურა, რომ პსჟ-ს ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა თორნიკე კვარაცხელია მიუნხენში იმყოფება, მან 17-წლამდე გუნდის სპარინგში ითამაშა და გოლიც გაიტანა.
"დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა მიუნხენშია. ჯერჯერობით იმის თქმა, არის თუ არა ისეთივე კარგი, როგორც მისი ძმა, რომელიც მსოფლიო დონის მოთამაშეა, ნაადრევია, თუმცა თორნიკე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა ფროინდმა.
„ბაიერნის“ 17-წლამდელთა გუნდი კლაუს აუგენტალერის „გლობალური აკადემიის“ გუნდს გაეჯიბრა. ქართველს მარცხენა ფლანგზე თვალს ადევნებდა მიუნხენელთა მთავარი სკაუტი ნილს შმადტკეც.
სკაუტებმა შეაქეს მისი ტექნიკა, თუმცა აღნიშნეს, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდება ფიზიკური განვითარება. ვინაიდან, საქართველო ევროკავშირის წევრი არაა, „ბაიერნს“ მას 18 წლის ასაკამდე ვერ დაიმატებს, ამიტომ პარტნიორი კლუბის მეშვეობით გადასვლა განიხილება. „ბაიერნმა“ იმავე მიზეზით ვერ შეძლო მისი ძმის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება წლების წინ.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის თორნიკე კვარაცხელია „დინამო თბილისის“ საკუთრებაშია.





