ფეხბურთი

14:57 | 8.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული გამოცემა: "ლოჩოშვილი "ნიურნბერგს" ტოვებს? ინტერესი ინგლისური კლუბებიდან"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა გერმანული "ნიურნბერგი" დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას clubfokus-ი და Kicker-ი ავრცელებენ.

"ნიურნბერგი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ სერიოზული ცვლილებების მოლოდინშია. გერმანული მედიის ინფორმაციით, კლუბს შესაძლოა არა მხოლოდ ფლანგის მცველები დაემშვიდობონ, არამედ მთლიანად ცენტრალური დაცვის ბირთვიც შეეცვალოს.

კლუბის კაპიტნითა და ცენტრალური მცველით, ფაბიო გრუბერით რამდენიმე ბუნდესლიგური გუნდი ინტერესდება, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ქართველი მცველის, ლუკა ლოჩოშვილის მომავალზეცაა გამახვილებული. 27 წლის ფეხბურთელი „ნიურნბერგს“ მხოლოდ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, თუმცა მისი წარმატებული თამაშის ფონზე, შესაძლოა კლუბი ერთ წელიწადში უკვე დატოვოს. მარტში მიცემულ ინტერვიუში ლოჩოშვილმა საკუთარი მომავალი ღიად დატოვა. კითხვაზე, დარჩებოდა თუ არა მომდევნო სეზონშიც „კლუბში“, ქართველმა მცველმა უპასუხა: „არ ვიცი", წერს გამოცემა clubfokus-ი

"ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში სტაბილური და დამაჯერებელი თამაშით თავი ერთ-ერთ საუკეთესო მცველად წარმოაჩინა, რის გამოც მის მიმართ ინტერესი ევროპის სხვადასხვა ლიგიდან იზრდება. განსაკუთრებით, მის მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბები იჩენენ. ფეხბურთელს "ნიუნბერგთან" კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, რაც გერმანულ კლუბს მოლაპარაკებებში ძლიერ პოზიციაში აყენებს. თუ კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი არ ფიქსირდება, „ნიურნბერგი“ ტრანსფერში სოლიდური თანხის მოთხოვნას შეძლებს", - წერს ავტორიტეტული გამოცემა Kicker-ი.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი "ნიურნბერგს" გასულ ზაფხულს შეუერთდა, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096148