ფეხბურთი

18:59 | 8.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჰაიდენჰაიმის" მწვრთნელი: "ზივზივაძემ შვებით ამოისუნთქა, გოლები სჭირდებოდა, ახლა მარტივად თამაშობს"

„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა „კიოლნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბუდუ ზივზივაძეც ისაუბრა.

ქართველი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია, ბოლო ოთხ ტურში ზედიზედ გაიტანა, სულ 5 გოლი და მათ შორის, მიუნხენში, „ბაიერნთან“ დუბლი შეასრულა. შმიდტმა კი მის შესახებ აღნიშნა:

„ვხედავ, რომ შვებით ამოისუნთქა. გოლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავდამსხმელებისთვის. ყოველი წარმატების შემდეგ, ის უფრო თავდაჯერებული ხდება.

ბუდუ არა მხოლოდ მეტოქის კართან საფრთხეს წარმოადგენს, არამედ კარგად ფლობს ბურთს და დუელებს იგებს. ახლა ის მარტივად თამაშობს, ზედმეტად არ ფიქრობს თავის ქმედებებზე. როდესაც გოლს ვერ იტანდა, ზედმეტად ყველაფერზე ფიქრობდა. ნამდვილად არ გვინდა მისი შედეგიანობის შენელება“, - თქვა შმიდტმა.

ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, გასულ სეზონში "ჰაიდენჰაიმის" მაისურით ნახევარ სეზონში 17 თამაშში 2 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო მანამდე, სეზონის პირველ ნახევარში "კარლსრუეს" მაისურით II ბუნდესლიგაში 12 გოლი მიითვალა. ის პირველი ფეხბურთელია "ჰაიდენჰაიმის" ისტორიაში, რომელმაც ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხ მატჩში გოლი გაიტანა.

„ჰაიდენჰაიმისა“ და „კიოლნის“ მატჩი 10 მაისს გაიმართება და ეს მატჩი შმიდტის გუნდისთვის ბოლო შანსია, რომ ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.130539