SportiumFUN-ის პოდკასტში ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელებმა მიკელე პადოვანომ და ემილიანო ვივიანომ, ასევე, ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ უპასუხეს შეკითხვას - არის თუ არა, ხვიჩა კვარაცხელია კილიან მბაპეზე გადამწყვეტი ფეხბურთელი.
თავიდან საუბარი პადოვანომ დაიწყო, შემდეგ ვივიანომ გააგრძელა, მერე სკირამ და ბოლოს ისევ ვივიანომ დაასრულა.
მიკელე პადოვანო (იუვენტუსის ყოფილი თავდამსხმელი): „ჩემი აზრით, „პარი სენ-ჟერმენმა“ საოცარი სვლა გააკეთა: გუნდიდან „სათამაშოები“ გაუშვა და ძლიერი ფეხბურთელები შეიძინა, რომლებიც გუნდისთვის თამაშობენ. კვარაცხელიას ვიცნობთ, ვიცით მისი თვისებები. რასაკვირველია, ველოდი, რომ პსჟ-ში ასე ითამაშებდა. ცხადია, რომ უძლიერესი ფეხბურთელია, რაც უფრო მაღლა იწევს დონე, მით უფრო ახერხებს თავისი კლასის წარმოჩენას“.
ემილიანო ვივიანო (ინტერის ყოფილი მეკარე): „ის ერთი ასპექტით მაოცებს: ფიზიკური მონაცემებით. 90 წუთის განმავლობაში დაცვით ფაზაშიც შთამბეჭდავი იყო. არ ველოდი, რომ ფიზიკურად ასეთი ძლიერი იქნებოდა“.
ნიკოლო სკირა (ჟურნალისტი): „ნაპოლიში“ პირველ სეზონშიც ბევრს დარბოდა. როცა „დინამო ბათუმიდან“ მოვიდა, დამანგრეველი იყო, განსხვავებას ქმნიდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ბევრს დარბის, რადგან რუსეთში იყო, უფრო დასვენებულია და შესაბამისად, სხვებზე მეტად ფორმაშიაო. მეორე სეზონში ცოტა მოუკლო, როგორც „ნაპოლიმ“, რომელიც მე-10 ადგილზე გავიდა და მერე იყო კონტეს სეზონი, როცა წასვლა სურდა. თუმცა, პირველ სეზონში ძალიან ბევრს დარბოდა, შეიძლება უფრო ნაკლებს, ვიდრე „ბაიერნთან“, მაგრამ ასე იყო. ის ხშირად ეხმარებოდა მარიო რუის, რომელიც შეტევაში ნორმალური ფეხბურთელი იყო, მაგრამ დაცვაში ხშირად უჭირდა“.
ემილიანო ვივიანო: „არ მითქვამს, რომ მას არ ჰქონდა დაცვითი უნარები, მაგრამ „ნაპოლიში“ ხშირად იღლებოდა, ცვლიდნენ კიდეც, რამაც თუ არ ვცდები, რამდენჯერმე პოლემიკა გამოიწვია. ახლა, ფიზიკურად სხვა დონეზეა, პსჟ-ში მასზე ადრე დემბელე შეცვალეს, რადგან დემბელეს ენერგია უფრო მალე გამოელია, ვიდრე კვარაცხელიას“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.





