მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
მან ბევრი ისაუბრა ორელინ ჩუამენსა და ფედერიკო ვალვერდეს შორის მომხდარ ჩხუბზე. როგორც არბელოამ თქვა, რაც გასახდელში ხდება, იქვე უნდა დარჩეს და ასეთი ინფორმაციის გავრცელება, „რეალისადმი“ ღალატია:
„დიდებულ მატჩს ველი დიდებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. მოუთმენლად ველი. ეს ის მატჩია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება. ვალვერდესა და ჩუამენის შორის ჩხუბი? ვამაყობ კლუბის გადამწყვეტილებით. ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს და ეს ჩემთვის საკმარისია. არ მაქვს განზრახვა საჯაროდ გავაკრიტიკო ჩემი ფეხბურთელები, რადგან ისინი ამას არ იმსახურებენ, მათი ერთგულებისა და თავდადებისთვის, ამ მაისურისადმი მათი სიყვარულისთვის და ამას არასდროს დავივიწყებ. უამრავ ტყუილს ამბობენ. ტყუილია, რომ ისინი პროფესიონალები არ არიან და ტყუილია, რომ უპატივცემულობა გამოხატეს ჩემს მიმართ ან არ თამაშობენ, რადგან ჩემთან პრობლემები აქვთ. ამას არ დავუშვებ, რადგან ეს სრული ტყუილია.
მყავდა თანაგუნდელი, რომელმაც ჯოხი აიღო და მეორეს დაარტყა. რაც „რეალის“ გასახდელში ხდება, „რეალის“ გასახდელში უნდა დარჩეს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მტკივა. ასეთი სიტუაციები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ მე მათ არანაირად არ ვამართლებ. ფედერიკოს დაშავება შემთხვევითობა იყო. მათ ბოდიში მოიხადეს და ახლა ჩვენ მატჩზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
გასახდელში მომხდარის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა ჩემთვის ღალატია, ამ მაისურის და „რეალის“ მიმართ ღალატი. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს, მე არ ვმუშაობ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში და არცერთ მოთამაშეს არ ვადანაშაულებ. რაც ჩვენს შორის მოხდება, ჩვენს შორის უნდა დარჩეს.
საბოლოო ჯამში, მე ვარ პასუხისმგებელი იმ ფაქტზე, რომ ამ სეზონში მოლოდინები ვერ გავამართლეთ. თუმცა, აქ ოთხი თვეა ვარ და ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, იმით, თუ როგორ მიმიღეს და იმით, თუ საიდან მოვედით. თუ ვინმესკენ თითის გაშვერა გსურთ, აქ ვარ“, - თქვა არბელოამ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ 10 მაისს, „ელ კლასიკოში“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.





