ფეხბურთი

17:00 | 9.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "კვარაცხელია საოცარი იყო, დემბელეც, დუეც"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბრესტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა სპეციალისტმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, „ბაიერნთან“ შეხვედრაში თავდამსხმელების მუშაობა გამოარჩია და კვარაცხელიას წარმოუდგენელი უწოდა:

„შეტევაში ჩვეულებრივ სამუშაოს ვასრულებთ. როდესაც ნახევარმცველების, ფლანგის მცველების მუშაობას ხედავთ, ეს საოცარია. კვარა წარმოუდგენელი იყო, დემბელე, დუე. მსგავსი სიტუაციების შექმნას ყოველთვის ვცდილობთ.

ძალიან გვიხარია, რომ გულშემატკივრები და მთელი კლუბი კიდევ ერთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობენ. როდესაც ჩვენს მოგზაურობას, ტრავმებს ვიხსენებთ... მხოლოდ ბედნიერები ვართ. მოუთმენლად ველით ამ ფინალში თამაშს ბუდაპეშტში, ულამაზეს ქალაქში.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. ყურადღებას მივაქცევთ ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათამაშოდ კონკურენტუნარიანი წუთებია საჭირო. ვიზრუნებთ თითოეულ მოთამაშეზე, რათა ფინალისთვის ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ.

ეს ჩვენი სეზონის ბოლო მატჩია „პარკ დე პრენსზე“. ბუნებრივია, გვსურს შესანიშნავი თამაში ვაჩვენოთ. გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს, რაც ლიგა 1-ის მოგებაა. სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ვიცი, რომ „ბრესტი“ მოტივირებული იქნება, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს.

დეზირე დუე? სტატისტიკისა და ფეხბურთელების მონაცემებიდან ბევრი ინფორმაცია გვაქვს. თუმცა, სხვა ფაქტორებსაც ვაქცევთ ყურადღებას: სირბილს, მის ჟესტების ენას, მის დამოკიდებულებას. ძალიან კმაყოფილები ვართ დეზირეს მუშაობით. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, ძალიან ეფექტური და განვითარების იმ გზაზეა, რომელიც გვსურს.

ვცდილობთ, თითოეული მოთამაშისთვის საუკეთესო სამუშაო შევასრულოთ ინდივიდუალურად. თუ მოთამაშე კონკრეტულ მომენტში არ თამაშობს, ეს იმიტომ ხდება, რომ ეს მისთვის უკეთესია, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაა, ასევე ფეხბურთელთა ჯანმრთელობა. ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საუკეთესოა შედეგისა და ფეხბურთელების ჯანმრთელობისთვის.

ზაირ-ემერის შეუძლია ყველგან ითამაშოს. ის ყველგან თამაშობს, მუდმივად, მისი მდგომარეობის და პოზიციის მიუხედავად, ის ყოველთვის ერთ დონეზეა.

გუნდში ოჯახური გარემო? ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გავაკეთებ. ეს ყველაფერი მოთამაშეების აღზრდაზეა დამოკიდებული. ისინი დიდ დროს ატარებენ ერთად, ერთმანეთს ძმას ეძახიან. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, როცა ყოველდღე ვარჯიშზე მოვდივართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია შედეგებისთვის. ეს არის მთელი სისტემა, რომელიც ოჯახივით ფუნქციონირებს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატს 70 ქულით ლიდერობს და „ბრესტს“ 10 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი 44 მატჩი, 18 გოლი და 10 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087681