გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ინგოლიჩმა განაცხადა, რომ ოთარ კიტეიშვილს კუნთი აწუხებს, რის გამოც არ იცის, შეძლებს თუ არა, ის „ჰარტბერგის“ წინააღმდეგ უახლოეს მატჩში თამაშს.
„შტურმი“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, მაგრამ ზედიზედ 5 ფრის შედეგად, ლიდერობა დაკარგა და „ლასკს“ ორი ქულით ჩამორჩება.
„დროა მთელი ჩვენი ძალები მოვიკრიბოთ და ყველაფერი გავაკეთოთ. ზუსტად ვიცით, რას უნდა ველოდოთ კვირას ჰარტბერგში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გრაცში სამი ქულა წავიღოთ. იონ გორენც სტანკოვიჩი და სედი ჯატე ტრავმირებული არიან, ოთარ კიტეიშვილსაც კუნთის პრობლემები აქვს, რის გამოც მათ ბოლო დღეებში სრული დატვირთვით არ უვარჯიშიათ. კვირამდე მოგვიწევს ლოდინი, რათა შევაფასოთ საკმარისად მზად იქნებიან თუ არა და რამდენი ხნით შეეძლებათ თამაში“ - აღნიშნა ინგოლიჩმა.
შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიტე 14 გოლით ბომბარდირებში ლიდერობას „რიდის“ ფეხბურთელ კინგსტონ მუტანდვასთან ერთად იყოფს. კიტეიშვილი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ აღიარეს. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 39 თამაშში 18 გოლი და 4 საგოლე პასია. მამაგეიშვილს „შტურმში“ 11 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც ერთხელ საგოლე პასი გააკეთა, ორჯერ პენალტი კი მოიპოვა.
„შტურმი“ „ჰარტბერგს“ სტუმრად 10 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდება.







