გორის "დილამ" მთავარი მწვრთნელი დიეგო ლონგო დაითხოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, როგორც კლუბის, ისე იტალიელი სპეციალისტის მიერ.
„ორი ტიტული, ბოლო გამარჯვებიდან ათი წლის შემდეგ და პირველი ახალი მფლობელების ისტორიაში. მეორე ადგილი, ბოლო ათწლეულის საუკეთესო შედეგი. ფეხბურთელების ტრანსფერებიდან მიღებული რეკორდული შემოსავალი. და მაინც, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს მიღწევები, ისინი ნამდვილად ვერ გადმოსცემენ იმ გამოცდილების ღირებულებას, რაც მივიღე და არც იმ უზარმაზარ პრივილეგიას, რომ მემუშავა ასეთი არაჩვეულებრივი ფეხბურთელების ჯგუფთან, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. გულწრფელი მადლობა მფლობელებს ნდობისა და შესაძლებლობისთვის და ყველა იმ პერსონალს, ვისთან ერთადაც გავიარე ინტენსიური მოგზაურობა, სავსე შრომისმოყვარეობით, თავგანწირვითა და კმაყოფილებით. ყველას ვუსურვებ წარმატებებს მომავალში“, - გამოაქვეყნა ლონგომ წერილი სოციალურ ქსელში.
"დიეგო ლონგო და საფეხბურთო კლუბი „დილა“ ორმხრივად შეთანხმდნენ, თანამშოლობის შეწყვეტაზე, რის შედეგადაც იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი დატოვა. მასთან ერთად, კლუბს ტოვებს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ლუკა კავალოც. მადლობას ვუხდით მათ კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ კარიერაში", - ეს კლუბის განცხადებაა.
ლონგომ "დილას", სადაც 2025 წლიდან მუშაობდა, საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი მოაგებინა, გასულ სეზონში კი ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილი დააკავებინა. მიმდინარე სეზონში "დილა" 15 ქულით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ბოლო ორ ტურში მარცხის შემდეგ მათი თანამშრომლობა შეწყდა.





