„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ „ამიენთან“ გამარჯვების (5:0) შემდეგ იმედგაცრუება ვერ დამალა.
„მწვანეებმა“ ამ მოგების მიუხედავად ლიგა 1-ის საგზური პირდაპირ ვერ მოიპოვეს და ბრძოლა საამისოდ პლეი-ოფში მოუწევთ. ამიტომ, ფეხბურთელების განწყობა კარგი არ ყოფილა. მონტანიემ კმაყოფილება გამოთქვა ზურიკო დავითაშვილის გამოჯანმრთელებით, რომელიც მოედანზე გოლით და საგოლე პასით დაბრუნდა.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 5:0 გამარჯვების შემდეგ სევდიან გასახდელში ვარ. ცხადია, ყველა იმედგაცრუებულია. თუმცა, ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ, რადგან ამ მატჩამდე კარგად უნდა გვეთამაშა. დღეს მაინც უნდა გვეთამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ იყო, ეს საშუალებას გვაძლევს, ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ სწორ გზაზე დავბრუნდეთ. აუცილებლად უნდა დაგვერღვია ეს ცუდი სერია. დადებითი მხარე ის არის, რომ დღეს აიმენ მუფეკი და ზურიკო დავითაშვილი დაბრუნდნენ“, - განაცხადა მონტანიემ.
შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენს“ ძვირად დაუჯდა წინა სამი მარცხი, რადგან საუკეთესო ორ გუნდში ვერ მოხვდა. 60 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ორი ქულით ჩამორჩა „ლე მანს“, რომელიც ლიგა 1-ში დაბრუნდა (მანამდე, იგივე „ტრუამ“ გააკეთა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა).
„სენტ ეტიეს“ შანსი ისევ აქვს, პლეი-ოფში, სადაც „რედ სტარს“ და „როდეზს“ შორის მოგებულს შეხვდება. აქ თუ გაიმარჯვებს, შემდეგ ლიგა 1-ის მე-16 ადგილოსანთან მოუწევს დაპირისპირება. ასე რომ, გზა მარტივი არაა, მაგრამ „მწვანეებმა“ ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის სეზონი 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა. ახლა ის ეცდება, რომ გუნდს პლეი-ოფში დაეხმაროს.





