ფეხბურთი

13:25 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზეს" ფეხბურთელი მეტოქეს რასისტულ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

„უდინეზეს“ ფეხბურთელი კენან დევისი „კალიარის“ მცველ ალბერტო დოსენას რასისტულ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ამ გუნდების მატჩის მიწურულს ფეხბურთელებმა იჩხუბეს და როგორც დევისი ამტკიცებს, იტალიელმა ფეხბურთელმა მას მაიმუნი უწოდა:

"ამ რასისტმა მშიშარამ დღევანდელ მატჩში მაიმუნი მიწოდა. იმედი მაქვს, სერია A ზომებს მიიღებს", - დაწერა დევისმა ინსტაგრამზე და დოსენას ფოტო გამოაქვეყნა.

დევისის ვერსიას ადასტურებენ მისი თანაგუნდელები - ნიკოლო ძანიოლო და იესპერ კალსტრომი: „რასისტული სიტყვები იყო, წარმოუდგენელია, რომ მსგავსი რამ კიდევ ხდება“, - უთხრა იტალიურ მედიას კალსტრომმა მატჩის შემდეგ.

ძანიოლომ კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „კოლეგა (თუ მას ასე შეიძლება ვუწოდოთ), რომელმაც დღეს გაბედა ჩემი შვილების და ჩემი თანაგუნდელის შეურაცხყოფა მისი კანის ფერის გამო. მას უნდა რცხვენოდეს და აღარასდროს უნდა დაადგმევინონ ფეხი საფეხბურთო მოედანზე".

„კალიარის“ ფეხბურთელმა ამ ბრალდებებისგან თავი დაიცვა და სოციალურ ქსელში პოსტი მანაც გამოაქვეყნა: „რასიზმში ბრალდება ჩემთვის საწყენი და მტკივნეულია. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. არასდროს მომივიდოდა აზრად, სხვა ადამიანს და კოლეგას ასეთი შეურაცხყოფა მივაყენო. პირველად აღმოვჩნდი მსგავს სიტუაციაში, სადაც ცილისმწამებლური ბრალდებისგან თავის დაცვა მიწევს. ასეთი საქციელი ჩემი მორალისა და აღზრდისგან ძალიან შორსაა“.

სერია A სავარაუდოდ, საქმის გამოძიებას დაიწყებს და თუ დოსენას ბრალდება დაუმტკიცდება, შეიძლება სერიოზული სასჯელი მიიღოს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174247