ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის ჩემპიობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ძნელად წარმოსადგენია, რომ კალენდრიდან გამომდინარე მიკელ არტეტას გუნდს ბოლო ორ ტურში ფეხი დაუცდეს.
„არსენალს“ 36-ე ტურში სტუმრად „ვესტ ჰემთან“ დერბი ჰქონდა, რომელიც უმძიმეს ბრძოლაში 1:0 მოიგო.
ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდი კარგა ხანს უძალიანდებოდა მეტოქეს, მაგრამ 83-ე წუთზე ლეანდრო ტროსარის გოლმა „მეთოფეებს“ თამაში და ვინძლო, ნანატრი ტიტული მოაგებინა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „ვესტ ჰემმა“ გაიტანა, კერძოდ, კალუმ ვილსონმა, მაგრამ VAR-ზე დიდი ხნის განხილვის შემდეგ გოლი გაუქმდა, რადგან მასპინძლები თამაშის წესს დავიდ რაიაზე არღვევდნენ.
„არსენალს“ 79 ქულა აქვს და ბოლო ორ ტურში „ბარნლისა“ და „კრისტალ პალასს“ თუ მოუგებს, 2004 წლის შემდეგ პირველად გაჩემპიონდება. „ვესტ ჰემი“ კი გავარდნის პირასაა, 36 ქულით გასავარდნ ზონაში და თუ ამ ტურში „ტოტენჰემი“ მოიგებს, „ჩაქუჩები“ ცალი ფეხით ჩემპიონშიფში იქნებიან.
„ვესტ ჰემი“ – „არსენალი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ტროსარი (83)





