ფეხბურთი

0:57 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტიტული "ელ კლასიკოში": "ბარსელონამ" "რეალი" დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონია

„ბარსელონა“ „ელ კლასიკოში“ გაჩემპიონდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - კი, არც ისე ხშირად ხდება, რომ ჩემპიონის ტიტული პირდაპირ „ელ კლასიკოში“ მოიპოვო და კატალონიურმა გრანდმა ეს მოახერხა.

„ბარსას“ ფრეც ჰყოფნიდა მიზნისთვის, მაგრამ საწყის 18 წუთში ყველაფერი გაარკვია: ანგარიში მარკუს რაშფორდმა გახსნა, დიდებული, საოცარი საჯარიმო დარტყმით, ხოლო მალევე ფერან ტორესმა სხვაობა გააორმაგა და დემორალიზებულ „რეალს“ შანსი რომ აღარ ექნებოდა, ფაქტი იყო. ასეც მოხდა, თამაშში მერე არაფერი შეცვლილა - ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ვინისიუსმა "ბარსას" ფანებს თითებით აჩვენა - ჩვენ ჩემპიონთა ლიგა 15-ჯერ გვაქვს მოგებულიო...

ჰანსი ფლიკისთვის ეს რთული დღე იყო: მამა გარდაეცვალა, მაგრამ გუნდის გვერდით იდგა. „რეალზე“ კი რა უნდა ითქვას? ზედიზედ მეორე სეზონი უტიტულოდ „სამეფო კლუბისთვის“ მეტისმეტია და ზაფხულში ცვლილებები იქნება. ალვარო არბელოას ალბათ, ჟოზე მოურინიო შეცვლის, ყოველ შემთხვევაში, ბოლო ცნობები ასეთია.

ამრიგად, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ბარსელონას“ 91 ქულა აქვს, „რეალს“ 77 და ყველაფერი გარკვეულია. „ბარსა“ ესპანეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ და ისტორიაში 29-ედ გახდა.

მომდევნო ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი 13 მაისს, „ალავესს“ ესტუმრება, „რეალი“ 14 მაისს, „ოვიედოს“ უმასპინძლებს.

„ბარსელონა“ – „რეალი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 რაშფორდი (9), 2:0 ფერან ტორესი (18)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169518