ფეხბურთი

0:46 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

7 ქულა ბოლო 8 ტურში: "მილანი" კრიზისში და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენის რისკი

„მილანი“ კრიზისშია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა. „როსონერი“ სერია A-ს 36-ე ტურში საკუთარ მოედანზე ბერგამოს „ატალანტასთან“, რომელსაც სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდა, 2:3 დამარცხდა.

ბერგამოელები სწრაფად დაწინაურდნენ ედერსონის გოლით, რასაც 30-ე წუთზე დავიდე ძაპაკოსტას გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჯაკომო რასპადორიმაც შეაგდო და თამაშს ყოველგვარი ინტრიგა მოუკლა. თუმცა, "როსონერიმ" ამის შემდეგ გაიღვიძა, სახიფათო მომენტებიც შექმნა, ბოლოს სულაც ორჯერ გაიტანა - ჯერ სტრაჰინია პავლოვიჩმა და შემდეგ პენალტით კრისტოფერ ნკუნკუმ, მაგრამ ალეგრის გუნდი წაგებას ვერ გადაურჩა.

„მილანმა“ ბოლო 8 ტურში მხოლოდ 7 ქულა მოიპოვა - 2 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება. კატასტროფული მაჩვენებელია. ამ რვა თამაშიდან ხუთში მილანმა გოლიც ვერ გაიტანა! მატჩამდე და მატჩის დროსაც იყო პროტესტი კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ, ბევრი უსტვინეს ფეხბურთელებსაც, განსაკუთრებით, რაფაელ ლეაოს.

მოკლედ, „მილანი“, რომელიც ერთ დროს სკუდეტოსთვის იბრძოდა, რთულ მდგომარეობაშია, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაც სათუო გაუხდა, „იუვენტუსმა“ გადაუსწრო და მეოთხე ადგილზეა 67 ქულით, „რომას“ მხოლოდ იმით სჯაბნის, რომ ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა (1:0, 1:1).

მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის ბოლო ორი ტური გადამწყვეტია „ჯენოასა“ და „კალიარის“ წინააღმდეგ, უმოტივაციო გუნდებთან, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მყოფი „მილანისთვის“ ახლა ნებისმიერი მატჩი რთული იქნება.

სერია A-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის საოცარი ბრძოლა მიმდინარეობს: მესამე ადგილზე „იუვენტუსია“ 68 ქულით, მერე მოდიან „მილანი“ და „რომა“ 67-67 ქულით, შემდეგ „კომო“ 65 ქულით. მოკლედ, ორი ადგილისთვის ოთხ გუნდს შორის, წარმოუდგენელი ბრძოლაა გაჩაღებული.

„მილანი“ – „ატალანტა“ 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 ედერსონი (7), 0:2 ძაპაკოსტა (29), 0:3 რასპადორი (52), 1:3 პავლოვიჩი (88), 2:3 ნკუნკუ (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093164