ფეხბურთი

15:11 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" რეკონსტრუქცია სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია!

გაჩნდა თბილისის დინამოს სტადიონის რეკონსტრუქციის იდეა, რაც მისასალმებელია, მაგრამ ამას კლუბი ვერ გააკეთებს. აეროპორტის გზაზე ახალი, მილიარდი ლარის ღირებულების სტადიონის მშენებლობის გეგმა იყო სრულიად მიუღებელი მრავალი მიზეზის გამო.

სერიოზული შეცდომა იყო "დინამოს" სტადიონის გაყიდვა. იგი უნდა დარჩენილიყო მუნიციპალურ საკუთრებაში. მისი შენახვის შესაძლებლობა არა აქვს არცერთ ქართულ კლუბს და თუ აქამდე მოაღწია, ისიც სახელმწიფო სახსრებისა და რუსთავის “აზოტის” ფინანსების წყალობით, რაც არ იყო კლუბის დაფინანსების ჯანსაღი მოდელი. დღეს ამ სტადიონის სრულყოფილად და უსაფრთხოდ ფუნქციონირების უნარი კლუბს არ გააჩნია.

"დინამოს" სტადიონი უნდა დაუბრუნდეს ქალაქს ან გადავიდეს ერთობლივ საკუთრებაში. ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი ძალდატანების, მესაკუთრესთან ხელსაყრელი გარიგების საფუძველზე. უნდა იქნას განხილული მისი ერთობლივი რეკონსტრუქციის საკითხიც.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთზე ასეულ მილიონობით ლარი დაიხარჯა, საკლუბო ფეხბურთი სრულიად დეგრადირდა. ფაქტობრივად ყველა კლუბი გაკოტრებულია და სახელმწიფო სახსრების გარეშე არსებობა არ შეუძლია. დღეისათვის უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველოს 55 ქვეყანას შორის 53-ე ადგილი უჭირავს, ჯუჯა სახელმწიფოებიც კი გვისწრებენ. ამ რეიტინგში ყველაზე უარესები ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორისაც - არც კი შეიძლება ჩვენი შედარება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, მოლდოვასთან ან ყაზახეთთან. მდგომარეობა კატასტროფულია და მის გამოსწორებას მრავალი წელი დასჭირდება. გამართული ფინანსური უზრუნველყოფის, ფეხბურთში კერძო ინვესტიციების გარეშე, ეს შეუძლებელი იქნება.

დღევანდელი ეკონომიკური და სხვა, სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ისეთი მრავალმინიონიანი პროექტის განხორციელება, რა ფორმითაც დინამოს რეკონსტრუქციაა ჩაფიქრებული, სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. იგი რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დაჯდება.

“დინამო” და მისი მიმდებარე ტერიტორია (მუშტაიდის ბაღთან ერთად) უნდა იქცეს ქალაქის სპორტულ-კულტურულ-ტურისტულ ცენტრად, ამის გაკეთება კი, სახელმწიფო ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08863