„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლანსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
მან მეტოქე შეაქო შესანიშნავი სეზონისთვის და თქვა, რომ ერთმანეთს საფრანგეთის ორი საუკეთესო გუნდი ხვდება.
„ვფიქრობ, ორივე გუნდი მსგავს სიტუაციაშია. „ლანსმა“ ლიგა 1-ის სეზონის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ საფრანგეთის თასის ფინალი უნდა ითამაშოს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გვაქვს. სათამაშო დროის მართვა გვჭირდება და ვფიქრობ, პიერ საჟიც იგივეს გააკეთებს, რასაც მე. ეჭვგარეშეა, რომ სეზონის ორი საუკეთესო გუნდი ვხვდებით. ვეცდებით, ვაჩვენოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მატჩი იქნება.
სეზონის დასაწყისში „ლანსისგან“ ამას ვერავინ წარმოიდგენდა. მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეტოქემ ნამდვილად მოახდინა ჩვენზე ზეწოლა. ეს მთელი სეზონის განმავლობაში მოტივაციის წყარო იყო, მაგრამ ძალიან რთულიც. ისინი იმსახურებენ ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნას. ხვალ, ჩემპიონთა ლიგის გუნდის წინააღმდეგ ნამდვილი უმაღლესი დონის მატჩის ჩატარებას ვეცდებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, წარმოუდგენელია, რასაც პიერ საჟმა ამ სეზონში ლანსთან ერთად მიაღწია.
ფეხბურთელების სათამაშო დროის მართვა აუცილებელია, რადგან ბოლო მატჩსა და ხვალინდელ თამაშს შორის მხოლოდ სამი დღის შუალედია. თუმცა, ვაჩვენებთ, როგორი გუნდი ვართ და რა ამბიციები გვაქვს. ყოველთვის, როცა „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით თამაშობ, ეს პასუხისმგებლობაა. ამ მატჩისთვის მოტივირებულები ვართ და ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებლად საუკეთესო გზაა.
ორი კვირა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მატჩის გარეშე? არ ვნერვიულობ, რადგან როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში გიწევს, მაშინაც კი, თუ მანამდე ერთი თვე დაისვენებ, ერთ დღეში მზად ხარ. ეს პრობლემა არ იქნება“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „ლანსი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 13 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.



