მსოფლიო რაგბიმ და ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართველ მორაგბეებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს და მათ ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მერაბ შარიქაძე ყველაზე მძიმედ დაისაჯა, რადგან 11-წლიანი დისკვალიფიკაცია ერგო. გიორგი ჭყოიძე 6-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ლაშა ხმალაძე, მირიან მოდებაძე და ოთარ ლაშხი 3-3 წლით, ხოლო ლაშა ლომიძე - 9 თვით. გარდა ამისა, 9 წლით აეკრძალა რაგბიში საქმიანობა საქართველოს ნაკრების ყოფილ ექიმს ნუცა შამათავას.
გამოძიების შედეგად, დაფიქსირდა მინიმუმ 5 შემთხვევა 2023 წელს საქართველოს ნაკრებში შარდის სინჯის შეცვლის, რათა მათ დოპინგკონტროლზე დადებითი პასუხი თავიდან აერიდებინათ.
მსოფლიო რაგბის გამოტანილი განაჩენი უმეტესი მორაგბეების შემთხვევაში რასაკვირველია კარიერის დასრულების მომასწავებელია. მათ შორის, ყველაზე გამოცდილი მერაბ შარიქაძეა, რომელმაც „ბორჯღალოსნების“ მაისურით 105 მატჩი ჩაატარა.







