71 წლის გამოცდილმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა ერთ-ერთი გადაცემის სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ინგლისელი მწვრთნელის განცხადებით, ქართველი შემტევი ამ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
"ვფიქრობ, კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, უდავოდ ტოპ 3-ში შედის. ჩემპიონთა ლიგაზე მის თამაშებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ მის წინააღმდეგ თამაშის სურვილი არასდროს გამიჩნდებოდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მცველი ხარ. ის უბრალოდ მარტო გოლებს კი არ იტანს, არამედ გოლებსაც ქმნის. როცა შენკენ იწყებს სირბილს, მისი შეჩერების ერთადერთი გზა ჯარიმაა", - განაცხადა ელერდაისმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 შეხვედრაში 18 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდებიან.





