ფეხბურთი

13:30 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლეგენდა, პიროვნება, ლიდერი და მაგალითი": "სლოვანი" გურამ კაშიას ემშვიდობება
"დადგა დრო, ეს თავი დავხურო და დავემშვიდობო, თუმცა მივდივარ ამაყი, რადგან ერთად ძალიან ბევრს მივაღწიეთ" - გურამ კაშია.

ბრატისლავის "სლოვანში" გურამ კაშიას ხუთწლიანი კარიერა სრულდება, სეზონის დასრულების შემდეგ 38 წლის ქართველი ფეხბურთელი სლოვაკურ კლუბს ოფიციალურად დატოვებს. ამასთან დაკავშირებით "სლოვანის" ოფიციალურმა გვერდმა კაშიას გამოსამშვიდობებელი სტატია მიუძღვნა.

"ლეგენდა, პიროვნება, ლიდერი, მაგალითი — ეს მხოლოდ რამდენიმე ეპითეტია, რომლითაც შეგვიძლია აღვწეროთ გურამ კაშიას ხუთწლიანი მოღვაწეობა ჩვენი კლუბის მაისურში. მისი, როგორც ფეხბურთელის კარიერა „ბელასების“ რიგებში ამ სეზონის შემდეგ დასრულდება, თუმცა კვალი, რომელიც მან ყველაზე ტიტულოვან სლოვაკურ კლუბში დატოვა წარუშლელია და სამუდამოდ დარჩება ისტორიას. მისთვის ჩვენს კლუბში კარი ყოველთვის ღია იქნება. უზარმაზარი მადლობა — სწორედ ამას იმსახურებს გურამი ჩვენგან დღესაც და შაბათსაც, სეზონის ბოლო მატჩზე ოფიციალური დამშვიდობების დროსაც.

თითქმის 200 მატჩი, ხუთი ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, კონფერენს ლიგის მერვედფინალი, ნიკე ლიგის საუკეთესო თერთმეტეულში სამგზის მოხვედრა - ეს იმ მიღწევების ჩამონათვალია, რომელსაც გურამ კაშიამ ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურიტ მიაღწია. ეს სტატისტიკური ჩამონათვალი თავისთავად ბევრს ამბობ, თუმცა წარმატებებსა და სტატისტიკაზე უფრო მნიშვნელოვანი კიდევ რაღაც არსებობს — წარმოუდგენელი პროფესიონალიზმი, ადამიანური თვისებები და ლიდერობა, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჩვენს გასახდელში მოიტანა" - წერს "სლოვანის" ოფიციალური გვერდი.

"სლოვანს" და მის გულშემატკივარს ემოციურად დაემშვიდობა გურამ კაშია:

„სლოვანში“ ფანტასტიკური გზა გავიარე. როცა აქ მოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი ზედიზედ ხუთ ჩემპიონობას ან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. ეს ხუთი წელი ჩემთვის წარმატებების, გამარჯვებებისა და მხოლოდ კარგი მომენტების პერიოდი იყო. დიდი პატივია, რომ „სლოვან ბრატისლავას“ მაისურით ვითამაშე და ამდენი რამ მოვიგე. მივდივარ სიამაყით იმის გამო, რასაც ერთად მივაღწიეთ. „სლოვანი“ ბოლო ხუთ წელში ძალიან განვითარდა და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვიყავი. მადლობა ყველა გულშემატკივარს, სამწვრთნელო შტაბს, თანაგუნდელებს — ერთად შესანიშნავი საქმეები გავაკეთეთ. მოედანზე ყველაფერს ვდებდი, შეიძლება უკვე ცოტათი დავიღალე კიდეც, მუდმივი გამარჯვებებით. დადგა დრო, ეს თავი დავხურო და დავემშვიდობო, თუმცა მივდივარ როგორც ამაყი ადამიანი და კარგად შესრულებული საქმის განცდით,“ — თქვა გურამ კაშიამ.

"სლოვანი" მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩს შაბათს, 16 მაისს საკუთარ მოედანზე "მიჩალოვეცთან" გამართავს, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად დაემშვიდობება გურამ კაშია კლუბს და გულშემატკივარს.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია "სლოვანში" 2021 წელს გადავიდა და მას შემდეგ კლუბთან ერთად ზედიზედ ხუთჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი. ქართველ ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.



სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168289