ფეხბურთი

21:22 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

13 მაისი, "პერესტროიკა", დიუსელდორფი, სუპერმარკეტი და საიუბილეო მონეტა...

დღევანდელ დღეს, 45 წლის წინათ, 13 მაისს, თბილისის "დინამომ" თასების თასი მოიგო. ამ დღეს გვიყვარს ხოლმე ამ ისტორიული ფაქტის გახსენება, არადა, როცა იქ 13 მაისი იყო, აქ უკვე 14 მაისის ღამე დამდგარიყო. რატომ არ ვზეიმობთ 14 მაისს? ნაცისტური გერმანიის დამარცხებას 8 მაისის ნაცვლად 9 მაისს რატომ აღვნიშნავთ:))

მაშინ, ღამით, მთელი ქალაქი “დინამოს” სტადიონისკენ დაიძრა. ასეთი სტიქიური სახალხო ზეიმი საბჭოთა კავშირს არ ახსოვს. უცხოეთშიც ამ ამბავმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ჩვენს განსხვავებულობას, გამორჩეულ ეროვნულ იდენტობას გაუსვა ხაზი.

ამ მოვლენიდან ხუთიოდე წლის შემდეგ დაიწყო საბჭოთა რეჟიმის ლიბერალიზაცია ე. წ. "პერესტროიკის" სახით. პირველად მოგვეცა შანსი წავსულიყავით დასავლეთ ევროპაში. მე დამპატიჟა ჩემმა მეგობარმა ჰაინო მესენმა, რომელიც დიუსელდორფიდან იყო და რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობდა. ერთ კორპუსში ვცხოვრობდით ბაგების სტუდქალაქში.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ საბჭოთა ადამიანი როცა დასავლეთის მიწაზე ფეხს დაადგამდა, პირველი, სადაც მიდიოდა, სუპერმარკეტი იყო. საყიდლებზე კი არა (სად ჰქონდა ამის ფული), არამედ სანახავად. იქ განცდილი შოკი იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც საბჭოთა იდეოლოგიის დანგრევას შეუწყო ხელი.

სად წავიდეთ, მეკითხება ჰაინო, სუპერმარკეტში? არა, დიუსელდორფის “რაინშტადიონზე”, მინდა მოედანზე, იმ კარებთან გადავიღო ფოტო, სადაც ჩვენებმა ორი გოლი შეაგდეს-მეთქი. ძალიან გაუკვირდა, არ იყო სპორტის მოყვარული. მინდორზე შესვლას ვინ ჩივის, სტადიონზეც კი არ შეგვიშვეს. მხოლოდ ბილეთების სალაროსთან მოვახერხე ფოტოს გადაღება ჰაინოს მამასთან ერთად, რომელმაც სტადიონზე თავისი მანქანით მიგვიყვანა.

“დინამოს” მაინც დავუდგი ძეგლი, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი, ამ გამარჯვებასთან დაკავშირებით საიუბილეო მონეტა გამოვუშვი.

ჰო, მართლა - სუპერმარკეტში ვიყავი, რა თქმა უნდა; ვიდეოფლეერის გარეშე გერმანიიდან ჩამოსვლა როგორ იქნებოდა?..

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089257