ფეხბურთი

16:48 | 14.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "პატივია ინდივიდუალური ჯილდოს მოგება, მაგრამ მხოლოდ გუნდზე ვფიქრობ"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეი-ოფში „როდეზთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, სამწუხაროა, რომ ლიგა 1-ში პირდაპირ ვერ გადავიდნენ, მაგრამ მაინც ყველაფერი მათ ხელშია:

„თავდაჯერებულობისთვის „ამიენთან“ გამარჯვება მაინც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ყველა მზადაა ხვალ დიდი თამაში ჩაატაროს შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ახლა კარგად ვიცნობთ. სამწუხარო და იმედგაცრუების მომგვრელია, რომ პირდაპირ ვერ გავედით, მაგრამ ვიცით, რომ დღეს ყველაფერი ჩვენს ხელშია. ახლა სხვა გუნდებზე და სხვა მატჩებზე აღარ ვართ დამოკიდებული, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომელიც უნდა ავიღოთ. სრულად ვართ კონცენტრირებულნი პლეი-ოფის მოგებაზე.

რა თქმა უნდა, ასეთ თამაშში ზეწოლაც არსებობს, რადგან ეს მხოლოდ ერთი მატჩია: თუ მოიგებ, გადიხარ, თუ წააგებ, უბრალოდ რჩები იმავე ლიგაში. ვფიქრობ, ამ თამაშითაც უნდა ვისიამოვნოთ, ასეთი ტიპის მატჩებით, რადგან ჩვენს სტადიონზე, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე, 40 000 ადამიანი მხარს დაგვიჭერს. ფეხბურთელებისთვის ასეთი თამაშების თამაში ოცნებაა. ჩემთვისაც ოცნება იყო ასეთ მატჩებში თამაში. ვფიქრობ, ყველა მზად არის. რა თქმა უნდა, ცოტა ზეწოლაც არსებობს. ვფიქრობ, უფრო დიდი ზეწოლა "როდეზზეა". ეს ნორმალურია, ეს ფეხბურთია. ხვალ პატარა, უმნიშვნელო დეტალები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ შეცდომებს არ დავუშვებთ და კონცენტრირებულად ვითამაშებთ, შეგვიძლია ნებისმიერი გუნდი დავამარცხოთ.

"როდეზი" კარგი, დაბალანსებული გუნდია. ისინი კონტრშეტევებზე თამაშობენ, ორი თავდამსხმელით. ვფიქრობ, მზად ვართ მათი სტილის წინააღმდეგ. ყველა მატჩის წინ ვაანალიზებთ ჩვენს მეტოქეს. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენი გეგმა გვაქვს.

დიდი პატივია (სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება), მაგრამ როგორც ვთქვი, ეს მხოლოდ ინდივიდუალური ჯილდოა. მხოლოდ გუნდზე და ხვალინდელ ძალიან მნიშვნელოვან მატჩზე ვარ კონცენტრირებული. ტრავმის გამო ბოლო სამი რთული კვირის შემდეგ, მზად ვარ 90 წუთი ვითამაშო“, - აღნიშნა ზურიკომ.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის სეზონში 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა. ახლა ის ეცდება, რომ გუნდს პლეი-ოფში დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენმა“ სეზონი 60 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და ლიგა 1-ში გადასასვლელად პლეი-ოფიდან იბრძოლებს, სადაც 15 მაისს "როდეზს" შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, გადამწყვეტი მატჩი ლიგა 1-ის მე-16 ადგილოსანთან ექნება (ლე ავრი, ნიცა ან ოსერი).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.146923