პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ საფრანგეთის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს წარმატება გუნდის აკადემიის სიძლიერის და გუნდურობის დამსახურებაა, რადგან პსჟ-ში მთავარი ვარსკვლავი გუნდია:
„ძალიან ვამაყობთ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტიტულით - ზედიზედ მეხუთე ტრიუმფ, კლუბის ისტორიაში პირველად. ვულოცავ ფეხბურთელებს, ლუის ენრიკეს, ლუის კამპუშს და მთელ პერსონალს მათი შესანიშნავი სამუშაოსთვის. ეს წარმატება კლუბის ყველა წევრის გუნდური ძალისხმევის შედეგია, ასევე ჩვენი აკადემიის სიძლიერის. „პარი სენ-ჟერმენში“ ნამდვილი ვარსკვლავი გუნდია, რომელსაც მხარს უჭერენ ჩვენი ფანტასტიკური გულშემატკივრები ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეთ. ჩვენი ყურადღება ახლა მთლიანად ბუდაპეშტში ჩვენს შემდეგ გამოწვევაზეა გადატანილი, სადაც ბევრი სამუშაო გვექნება, რადგან ერთად ვაგრძელებთ ჩვენი ისტორიის წერას“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.
„პარი სენ-ჟერმენს“ 76 ქულა აქვს და „ლანსს“ 9 ქულით გაუსწრო. პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ, ისტორიაში კი მე-14-ედ გახდა. კვარაცხელიასთვის ეს ლიგა 1-ში მეორე ჩემპიონის ტიტულია.
პსჟ ბოლო ტურში 17 მაისს, სტუმრად „პარიზს“ დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ 30 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ შეხვდება.





