გორის „დილაში“ ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე წარადგინეს, რომელმაც პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, ის გუნდში რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს, უბრალოდ, ეცდება, რომ თავისი იდეები დაამატოს და „დილა“ გააძლიეროს:
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ისეთი წარმატებული გუნდის მთავარი მწვრთნელი როგორიც გორის „დილაა". მინდა მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას ნდობისთვის, ჩვენი ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა და აქ ძალიან დიდი მოტივაციით მოვედი. გათავისებული მაქვს რამხელა პასუხისმგებლობაა, იყო გორის "დილას" მწვრთნელი.
გორის "დილას" თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი და ძალიან მომწონდა ის შემტევი სტილი რაც ამ გუნდს ჰქონდა. რა თქმა უნდა, ხარვეზები ყველა გუნდს აქვს, რაც არ უნდა კარგი გუნდი იყოს, ასეა „დილაშიც". ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ხარვეზები რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრათ. ზოგადად არ ვარ მომხრე, რომ გუნდში რაიმე რადიკალურად შევცვალოთ, „დილა" ისედაც არის ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული გუნდი. მე ვეცდები, რომ ამ წარმატებას პატარ პატარა დეტალები შევმატო, რაც უფრო მეტად წარმატებულს გახდის ამ კლუბს. ეს გათავისებული მაქვს.
ახლა ჩვენი ყველა დიდი „მტერი" არის დრო ერთ ან ორ კვირაში რაიმეს შეცვლა რთული იქნება, ეტაპობრივად დაინახავთ გაუმჯობესებას. რაც შეეხება ევროტურნირებს, მე არასდროს მრცხვენია იმის აღიარება, რომ ჩემი გამოცდილება არ იყო პოზიტიური, მაგრამ წარმატება წარუმატებლობის გარეშე არ მოდის. ვფიქრობ რომ არამარტო ჩვენ, არამედ შარშანდელი ევროტურნირების მონაწილე ყველა გუნდი გააკეთებს სწორ დასკვნებს, რომ წელს მეტად წარმატებული იყვნენ ქართული კლუბები და კონკრეტულად ამ შემთხვევაში გორის "დილა". რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მეტოქე ვინ იქნება, თუმცა ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ.
რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, შევეცდებით მაქსიმალურად მეტი თამაში მოვიგოთ. „იბერიაში" 30 მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, შევეცდები ეს შედეგი აქაც განმეორდეს“, - თქვა კორღალიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლევან კორღალიძემ გორის „დილაში“ დიეგო ლონგო შეცვალა, რომელმაც გუნდს საქართველოს თასი და სუპერთასი მოაგებინა.





