მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კიდევ ერთხელ ისაუბრა „ბარსელონას“ მხრიდან მსაჯების მოსყიდვის შესახებ.
მან El Chiringuito-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნეგრეირას საქმე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სკანდალურია. პერესის განცხადებით, არ სურს ურთიერთობა კლუბთან, რომელიც 20 წლის განმავლობაში მსაჯებს ფულს უხდის:
"ბარსელონაში“ თუ ფიქრობენ, რომ უნდა გვიჩივლონ, ასე მოიქცნენ. სამი წლის წინ მივხვდი, რომ „ბარსელონა“ მსაჯებს ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში უხდის. შემდეგ კვირაში უეფას წარვუდგენთ 500-გვერდიან დოსიეს, რომელიც ამ ყველა წელს მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტაციაზე ვსაუბრობთ. შევადგინეთ ყველა იმ ქულის სია, რომლებიც აშკარად მოიპარეს, მხოლოდ წელს 16-დან 18-მდე იყო. ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე ლა ლიგის, რაც აბსურდია, მაგრამ იმიტომ, რომ არსებობს კლუბი, რომელიც 20 წელია მსაჯებს უხდის. ნეგრეირას საქმე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალია. „ბარსელონასთან“ ურთიერთობები სრულიად გაწყვეტილია. არ მინდა, რომ იმ კლუბთან კავშირი მქონდეს, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში მსაჯებს უხდიდა. მინდა, რომ სამართლიანობა აღსრულდეს.
აბსურდში ვართ: შარშან ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოვიგეთ, მაგრამ არავის ახსოვს. „რეალის“ წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტე ახალი არჩევნების დანიშვნა. წელს ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ყველაფრის საფუძველია. ფიზიკური ძალები ვერ აღვიდგინეთ. ალბათ, 10 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის 6-ჯერ მოგება ზოგიერთი ადამიანისთვის საკმარისი არ იყო. თუ ყოველთვის უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა, მაშინ დანარჩენმა ევროპულმა კლუბებმა უბრალოდ თავი უნდა მოიკლან. მოურინიო? ყველა მწვრთნელი მომწონს. მასთან არ მისაუბრია, მაშინაც კი, როცა ის ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასთან“ ერთად მადრიდში იყო. თუმცა, როცა ჟოზე მოურინიო ჩვენთან იყო, ჩვენი კონკურენტუნარიანობა გაზარდა და მას შემდეგ 10 წელიწადში ჩემპიონთა ლიგა ექვსჯერ მოვიგეთ.
ვეჭვობთ და ვიცით, ვისგან გაჟონა ჩუამენისა და ვალვერდეს შორის ჩხუბის ამბავმა და შესაბამისად, ვიმოქმედებთ. ვინიუსის კონტრაქტის განახლება? კონტრაქტის გახანგრძლივება საჩქარო არაა, მთელი სეზონი გვაქვს სასაუბროდ. ფიქრობთ, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ ეს სპორტული დირექტორის საქმეა.
ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებს ვყიდულობდით. ფიგუ, ზიდანი, რონალდო, ბექჰემი, შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ, კაკა და ბენზემა დავიმატე. როდესაც საუკეთესო გამოჩნდება, მას აუცილებლად მოვიყვან. რა თქმა უნდა, იამალი მომწონს! მისი ტრანსფერი? „ბარსელონასთან“ ურთიერთობა სრულიად გაწყვეტილია.
„ბაიერნთან“ მსაჯს არ სურდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავსულიყავით. მან ვერ გააცნობიერა, რომ კამავინგას ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა“, - თქვა პერესმა.





