ჟოზე მოურინიოს სახელი ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია,რადგან მას მადრიდის "რეალს" უკავშირებენ და რამდენიმე ცნობილ გამოცემას თუ დავუჯერებთ, მისი "სამეფო კლუბში" დაბრუნება უკვე გადაწყვეტილიც კია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ესპანელი ჟურნალისტი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მიგელ სერანო იტყობინება, ჟოზე მოურინიომ უკვე გამართა კომუნიკაცია "რეალის" რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან.
პირველი მოთამაშე, რომელსაც მოურინიო დაუკავშირდა, იყო ტიბო კურტუა. წყაროს ცნობით, მწვრთნელი ბელგიელ მეკარეს გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად განიხილავს და სურს, რომ ახალ პროექტში სწორედ მან იტვირთოს ლიდერის მნიშვნელოვანი როლი როგორც მოედანზე, ისე გასახდელში.
მოურინიოს საუბარი ჰქონდა ასევე ვინისიუს ჟუნიორთან. პორტუგალიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ბრაზილიელი დღეს გუნდის შიდა ატმოსფეროს მთავარი “შემკვრელი რგოლია”. ვინისიუსს თითქმის ყველასთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს და სწორედ ამიტომ, მოურინიო მას გასახდელში ერთიანობის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურად მიიჩნევს.
კონტაქტი შედგა კილიან მბაპესთანაც. გავრცელებული ცნობებით, ფრანგ ვარსკვლავს მოსწონს და იზიარებს "განსაკუთრებულის" ხედვეებსა და იდეებს, ამიტომ მასთან მუშაობის პრესპექტივა ძალიან იზიდავს.
შეგახსენებთ, რომ მოურინიო „რეალს“ 2010-2013 წლებში წვრთნიდა და ამ პერიოდში კლუბთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.





